ქართული ოცნება სუროგაციის აკრძალვას აპირებს
ეს დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააჟღერა.

ქართული ოცნება სუროგაციის აკრძალვას აპირებს. ეს დღევანდელ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ დააანონსა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ“, - განაცხადა მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, "უახლოეს მომავალში შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება". მან ასევე თქვა, რომ საკითხზე კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთანაც.
ირაკლი კირცხალიას თქმით, გადაწყვეტილების მთავარი საფუძველია - სუროგაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლევრივი რისკები, „განსაკუთრებით, ადამიანებით ვაჭრობის, ქალების შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით“.
ჟურნალისტმა კირცხალიას დააზუსტებინა, სრულად იკრძალება თუ არა სუროგაცია, რაზეც მან განაცხადა, რომ „სრულად იკრძალება“.
„სუროგაცია სრულად იკრძალება. საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია, მზად ვართ მოვისმინოთ ეს მწვავე და მძაფრი რეაქცია, შევიდეთ დისკუსია და გავცეთ პასუხები. საინტერესო იქნება, რა არგუმენტები ექნებათ მწვავე რეაქციის ავტორებს.
ზოგადად, ეს სფერო გადაიქცა... იმდენად კომერციული გახდა, სწორწდ ის რისკები, რაც ჩამოვთვალე მოკლე ტექსტში, იმიტომ რომ ჯერ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა... ბევრ დეტალს თქვენ, ჟურნალისტები, საზოგადოება, დაინტერესებული მხარეები გაიგებთ ძალიან მალე.
თითქმის ქვეყანა არ არსებობს, ევროკავშირის ქვეყნებიც რომ ავიღოთ, აკრძალულია სუროგაცია, ძალიან მკაცრად არის დარეგულირებული“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2019-2024 წლებში სუროგაციის გზით 4 000-ზე მეტი ბავშვი დაიბადა.
სპეციალისტები სფეროს რეგულირების აუცილებლობაზე მუდმივად მიუთითებდნენ, თუმცა, სრულ აკრძალვას ეწინააღმედებოდნენ.




