როგორ დაიცვათ თავი და შვილები?
რა არის შენი ფარი ძალადობის წინააღდეგ

„სად წავიდე, როცა არ ვმუშაობ?“, „როგორ ვთქვა, როცა ყველას ჰგონია, რომ იდეალური ოჯახი მაქვს?“, „სახლი ხომ მის სახელზეა და ქუჩაში ხომ არ დარჩება?“ - ეს ის კითხვებია, რომლებიც ათასობით ქალს აიძულებს, წლობით ითმინოს ფსიქოლოგიური, ფინანსური თუ ფიზიკური ძალადობა.
უმოქმედობის მთავარი მიზეზი ხშირად ინფორმაციის ნაკლებობაა. ბევრმა არ იცის, რომ სახელმწიფოსა და კანონის წინაშე მოძალადის საკუთრების უფლება თმობს პოზიციას, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება. მოდით, ჯეროვნად შევხედოთ რეალობას და გავარკვიოთ, რა მექანიზმი არსებობს შენი დაუყოვნებლივი დაცვისთვის.
შემაკავებელი ორდერი არის ოჯახში ან ქალთა მიმართ ძალადობის დროს მსხვერპლის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური სამართლებრივი მექანიზმი.
როგორ მუშაბს ეს ინსტრუმენტი, რა ეტაპებად ხდება მისი გაოცემა და რა უნდა იცოდეს მსხვერპლმა საკუთარი თავის დასაცავად:
თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ 112-ში ან/და დახმარების ცხელ ხაზზე 116 006. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ აპლიკაციით (112 Georgia) და დააჭიროთ SOS ღილაკს. შემთვევის ადგილზე მოვა პოლიცია. პოლიციელი ცალ-ცალკე ესაუბრება მსხვერპლსა და სავარაუდო მოძალადეს.
პოლიციის თანამშრომელი ავსებს სპეციალურ რისკების შეფასების კითხვარს, სადაც ფასდება განმეორებითი ძალადობის ან სიცოცხლის მოსალოდნელი საფრთხე (მაგ., იყო თუ არა იარაღის გამოყენების მუქარა, ალკოჰოლური/ნარკოტიკული თრობა, სისტემატური კონტროლი და ა.შ.)
თუ ძალადობის ფაქტი ან საფრთხე დასტურდება, მსხვერპლს არ უწევს ლოდინი, პოლიციელი ადგილზევე წერს შემაკავებელ ორდერს, რომელიც ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

საცხოვრებლიდან გაძევება: მოძალადე ვალდებულია დაუყოვნებლივ დატოვოს მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილი (მაშინაც კი, თუ უძრავი ქონება სრულად მოძალადის საკუთრებაშია).
მიახლოების აკრძალვა: ეკრძალება მსხვერპლთან, მის შვილებთან ან სხვა დამოკიდებულ პირებთან მიახლოება (მაგ. 100-200 მეტრის რადიუსში).
კომუნიკაციის სრული ბლოკირება: ეკრძალება ყოველგვარი კონტაქტი : დარეკვა, SMS, სოციალურ ქსელებში მიწერა, მესამე პირების მეშვეობით ხმის მიწვდენა.
სამუშაო და სასწავლო ადგილები: ეკრძალება იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი მუშაობს, სწავლობს ან ხშირად იმყოფება (მაგ. შვილების სკოლა/ბაღი).
იარაღით სარგებლობა: ეკრძალება იარაღის შეძენა, ტარება ან შენახვის უფლება ორდერის მოქმედების პერიოდში.

შემაკავებელი ორდერის პირობების პირველივე დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლი).
მსხვერპლმა ორდერის ნებისმიერი დარღვევისთანავე (მაგ., თუნდაც ერთი SMS-ის გამოგზავნა ან სახლთან გამოჩენა) დაუყოვნებლივ უნდა დარეკოს 112-ში.
პოლიცია ვალდებულია მოძალადე დააკავოს. დარღვევა ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით (პატიმრობით).
ორდერის ასლი: ყოველთვის გქონდეთ შემაკავებელი ორდერის ასლი (ან ფოტო ტელეფონში). თუ მოძალადე მოახლოებას შეეცდება, პოლიციას სწრაფად წარუდგენთ დოკუმენტს.

ელექტრონული მონიტორინგი (GPS სამაჯური): მაღალი რისკის შემთხვევაში, პოლიციას შეუძლია მოძალადეს დაუყენოს GSP სამაჯური. თუ ის აკრძალულ რადიუსში შემოვა, პოლიციას და მსხვერპლს ავტომატურად მისდით განგაშის სიგნალი.
არ გააუქმოთ შეზღუდვები პირადად: თუ მოძალადე ბოდიშს მოიხდის და მსხვერპლი მას სახლში შემოუშვებს, ორდერი მაინც მოქმედებს. მოძალადის შემოშვებით მსხვერპლი საკუთარ უსაფრთხოებას იყენებს რისკის ქვეშ.
დამცავი ორდერი (გახანგრძლივება): თუ 1-თვიანი ვადა იწურება და საფრთხე კვლავ არსებობს, მსხვერპლს ან პოლიციას შეუძლია მიმართოს სასამართლოს დამცავი ორდერის გამოსაცემად, რომელიც 1 წლამდე ვადით მოქმედებს.
უფასო იურიდიული და თავშესაფრით დახმარება: მსხვერპლს უფლება აქვს ისარგებლოს სახელმწიფოს უფასო იურიდიული დახმარებით, ასევე საჭიროების შემთხვევაში გადავიდეს ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში.
• 112 საგანგებო სიტუაციები და პოლიციის დაუყოვნებლივი გამოძახება.
• 116 006 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და მსხვერპლთა დახმარების სახელმწიფო ფონდის უფასო, კონფიდენციალური ცხელი ხაზი.


