რატომ დააკავეს ფეიქრიშვილები ინციდენტიდან 2 წლის შემდეგ?
სპეცოპერაცია კრწანისსა და „ჰოლიდეი ინში“

ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები ჯგუფური ძალადობისა და გამოძალვის მუქარის ბრალდებებით გუშინ გვიან ღამით დააკავეს. სპეცოპერაცია ორ ლოკაციაზე - კრწანისში, დავით ფეიქრიშვილის საცხოვრებელ სახლში და „ჰოლიდეი ინნ-ში“, გიორგი ფეიქრიშვილის დროებით საცხოვრებელში ჩატარდა.
დავით ფეიქრიშვილს გამოძიება ჯგუფურ ძალადობას ედავება. „სანდო წყარომ“ გაარკვია, რომ საუბარია 2 წლის წინ ბაგეებში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ქუჩაში ავტომობილით გადაადგილებისას დავით ფეიქრიშვილის მანქანას ტაქსის მძღოლმა გზა გადაუჭრა. საჭეს მძღოლი მართავდა, სავარაუდოდ, მანქანაში იყო ფეიქრიშვილის დაცვაც და, დაზუსტებული ინფორმაციით, ტყუპის მცირეწლოვანი შვილი. „სანდო წყაროს“ ცნობით, ფაქტს მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირებაც, რის შემდეგაც ტაქსის მძღოლმა პოლიციას მიმართა, ფეიქრიშვილი კი 2 წლის შემდეგ დააკავეს.
„ჰოლიდეი ინში“ დაკავებულ გიორგი ფეიქრიშვილს კი გამოძიება გამოძალვის მუქარას ედავება. „სანდო წყარო“ დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.




