რა გახდა აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების მიზეზი, რომელიც საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ სამივე პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ სამივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმის მასალების თანახმად, 28 აგვისტოს ბუავა საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, გარდაცვლილმა და მისმა მეგობარმა ქალმა, უკრაინის მოქალაქე ვალერია კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა.
კირლიუკმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში მიატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა, ხოლო
მოგვიანებით მეგობრებს ბლოგერის რეალური მდგომარეობა დაუმალა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა განსაცდელში მიტოვების ბრალდებით (სსკ-ის 128-ე მუხლი) დაკავებულ კირლიუკს პატიმრობა შეუფარდა.
ამავე საქმის ფარგლებში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაცემის ბრალდებით რამდენიმე დღეში 2 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულ საბა ბოჭორიშვილსა და გივი გუდაძესაც პატიმრობა შეეფარდათ. როგორც სასამართლო პროცესზე გაირკვა, ორივე ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშაა და პროკურორის განცხადებით, მათი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის
გაგრძელების, მიმალვის და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს.
პროკურორ მარიამ ქორიძის თქმით, საუბარია ნარკოტიკულ დანაშაულზე და იმაზე, რომ ისინი აღნიშნულ საშუალებას მოიხმარენ. ამასთან, სახელმწიფო ბრალმდებელი ფარულ ვიდეოჩანაწერზეც საუბრობს, სადაც მისივე თქმით, ბრალდებულები ვიდეოში აღწერენ მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
პროკურორ დავით ყაზარაშვილის თქმით, ბრალდებულები თავად აცხადებენ, რომ ნარკოტიკული საშუალებების ნაწილი მათ დაიტოვეს, ნაწილი კი მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც ცუდად გახდნენ, ერთი კი გარდაიცვალა.
ყაზარაშვილის თქმით, საბა ბოჭორიშვილი ამ ნარკოტიკული საშუალების მიღების შემდეგ კლინიკაშიც კი მოხვდა, გივი გუდაძეს კი გულყრა ჰქონდა გამოძიების თანახმად, დაურ ბუავამ და ბრალდებულმა ვალერია კირილიუკმა სწორედ გივი გუდაძის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება, "მეთადონი" მოიხმარეს. მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 6,27 გრამი "მეთადონი" ამოიღეს, რაც ბრალდებულს რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით 9 პაკეტად ჰქონდა დაფასოვებული.




