ყიფშიძეზე მომხდარი მკვლელობისთვის ბრალდებული გელა არობელიძეა
პირველადი ინფორმაციით დაპირისპირება წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო დაიწყო

ყიფშიძის ქუჩაზე 7გ ნომერში მომხდარი მკველობისთვის ბრალდებული 60 წლის, ბიზნესმენი გელა არობელიძეა.
ბიზნესმენი ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში, დაკითხვაზე იმყოფება.
პირველადი ინფორმაციით, მომხდარი შესაძლოა წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. თუმცა, კონკრეტულად რა გახდა კონფლიქტის დაწყების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
დაპირისპირება სავარაუდოდ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის პარკინგის შესასვლელთან დაიწყო და მოგვიანებით საპარკინგე სივრცეში გაგრძელდა, სადაც ვახტანგ ჩიქოვანი დაჭრეს.
მოკლული ვახტანგ ჩიქოვანი ყიფშიძის ქუჩის 7გ ნომერში მდებარე მისამართზე სავარაუდოდ, ფეხით მივიდა. მოკლულის ოჯახის ინფორმაციით, მისი ავტომობილი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფება.
ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. პირველადი ინფორმაციით, დაჭრის შედეგად დაზიანდა ფეხის არტერია, რასაც 76 წლის მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გელა არობელიძესთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.




