პროევროპული აქციების დროს დაკავებულმა 9 პირმა ციხე დატოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის არიან საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული მოქალაქეებიც, მათ შორის - ფრიდონ ბუბუტეიშვილი, დავით ხომერიკი, სიმონ მახარაძე, საბა ჯიქია, გურამ ხუტაშვილი, დანიელ მუმლაძე, დენის კულანინი, ასევე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ავთანდილ თოფჩიშვილი და თორნიკე მჭედლიშვილი.
აქციების ფარგლებში, აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებულმა დავით ხომერიკმა გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარში განაცხადა, რომ პენიტენციური დაწესებულების დატოვება მისთვის და თანასაკნელებისთვის სრულიად მოულოდნელი იყო.
„უცაბედად შემოვიდა იქაური პერსონალი და დაიძახეს «C вещами». უცბად შოკში ჩავვარდით ყველანი, ჩემი ჩათვლით, არ გვჯეროდა საერთოდ არაფრის. 15 წუთი დასჭირდა ამ ყველაფერს, ადმინისტრაციის შენობაში გადავედით, ხელი მოგვაწერინეს საბუთებზე და გაგვიყვანეს გარეთ,“ - განაცხადა დავით ხომერიკმა.
მისივე თქმით, მასთან ერთად საკანში იმყოფებოდნენ ანდრო ჭიჭინაძე, ირაკლი მიმინოშვილი და გიორგი მჭედლიშვილი. ხომერიკმა აღნიშნა, რომ საპატიმროს დატოვების შემდეგ სახლამდე ტაქსით მივიდა, რომლის მძღოლმაც მას მგზავრობის თანხა არ გამოართვა.




