ფოთში მოკლული ქალი დევნილი ინგა ყალიჩავა - მომხდარი ფემიციდის ახალი დეტალები
კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა

მოკლული 47 წლის ქალი დევნილი ინგა ყალიჩავაა. ის 4 შვილის დედაა. დაკავებულია მისი ქმარი, 52 წლის ზაზა კარბაია.
მკვლელობა გუშინ გვიან ღამით მოხდა. კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო და ბუნებრივი აირი გაუშვა. დილით კი თავად დარეკა 112-ში და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებებია ფოთში, ინფოროყვას ქუჩაზე - იმ ადგილას, სადაც შემთხვევა მოხდა ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, ხოლო შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია ნივთმტკიცებები.
„სანდო წყაროსთვის“ ცნობილი ხდება, რომ წვილი ემიგრაციაში ცხოვრობდა და სახლი ახალი შეძენილი ჰქონდათ. შემთხვევის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იყვნენ. შვილები სრულწლოვნები არიან და მათთან ერთად არ ცხოვრობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთვევაში, კაცს უვადო პატიმრობა ემურება.




