მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ ციხე დატოვეს
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები ციხიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ.

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ, ასევე, 4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის წევრმა მურთაზ ზოდელავამ პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვეს.
ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ მურთაზ ზოდელავამ თქვა:
"არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს, ცხადია. ბევრი მიზეზის გამო... მე ციხეში შემისრულდა 50 წელი, ბავშვიც არ ვარ, ამიტომ რაღაც გადაფასებები ხდება, ადამიანი ბევრ რამეზე ფიქრობს, მე ჩემს თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ, ყოველ შემთხვევაში და ეს, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება არანაირ საპროცესო შეთანხმებას, იმიტომ, რომ ეს შეთანხმება უბრალოდ ბრალის აღიარებას დაეფუძნა და არა ვინმესთან რაიმე პირობებს".
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად, 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებიდან ლაშა ბერიძესა და მურთაზ ზოდელავას - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
მურთაზ ზოდელავას კი ბრალად ედებოდა - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილს ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.


.webp&w=1920&q=75)

