მოსამართლე მანანა კობახიძის მოთხოვნა - პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდება - საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა
კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ მანანა კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 ოქტომბერს მიმართა

შუამდგომლობის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, შესაძლოა, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებსა და საზოგადოებაში გააჩინოს გონივრული ეჭვი ამ საქმის მიუკერძოებელ და ობიექტურ გადაწყვეტასთან მიმართებით, რაც სარჩელის განხილვიდან მისი თვითგანრიდების საფუძველს წარმოადგენს.
მოსამართლის განცხადებით, საზოგადოებისათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ წარსულში იგი იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი წევრი და აგრეთვე იკავებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც. გარდა ამისა, მითითებული პოლიტიკური გაერთიანების წევრობის პერიოდში, ის აირჩიეს მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრად, სადაც ითავსებდა მნიშვნელოვან ფუნქციებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ სუბიექტური თვალსაზრისით, არ არსებობს მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად არჩევის შემდგომ, ფიცის დადების დღიდან იგი მოქმედებს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლის მაღალი პასუხისმგებლობით, პირადი განწყობებისა თუ დამოკიდებულებებისაგან სრულიად თავისუფლად. შესაბამისად, წარსულში პოლიტიკოსის რანგში გაკეთებული განცხადებები გავლენას ვერ მოახდენს მის მიუკერძოებლობაზე წინამდებარე საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. თუმცა, ამის მიუხედავად, მოსამართლეს მიაჩნია, რომ კუმულაციურად, ზემოთ დასახელებულმა გარემოებებმა, საქმის განხილვის მონაწილეებს, საზოგადოებასა და, ზოგადად, ობიექტურ დამკვირვებელს, შესაძლოა, გაუჩინოს საფუძვლიანი ეჭვები და კითხვის ნიშნები კონსტიტუციური სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტის პროცესში მის მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რაც, იმავდროულად, შეარყევს საზოგადოების ნდობას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მიმართ და დააზიანებს სასამართლოს რეპუტაციას. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, შუამდგომლობის ავტორი მიიჩნევს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, არსებობს №1979 კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან მისი თვითგანრიდების საფუძველი”
როგორც სასამართლო განმარტავს ის არ ეთანხმება მოსამართლე მანანა კობახიძის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ №1979 კონსტიტუციური სარჩელის და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პროცედურული საკითხების განხილვაში მისმა ჩართულობამ, გამორიცხულია საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებს, საზოგადოებასა და, ზოგადად, ობიექტურ დამკვირვებელს, გაუჩინოს მყარი ეჭვები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიკერძოებასთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, პლენუმის შემადგენლობა ასეთია: რევაზ ნადარაია, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას.




