მასწავლებელი 7 წლის მოსწავლეზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა
ინფორმაციას ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია "საფარი" ავრცელებს

საფარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც, დაახლოებით 30 წლის წინ, როდესაც დაზარალებული 7 წლის იყო, მასზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა.
ერთი წლის წინ, საფარს ახალგაზრდა ქალმა მიმართა. საქმეზე მუშაობა ორგანიზაციის იურისტმა, მარი ვარამაშვილმა დაიწყო. მთელი ამ დროის განმავლობაში, იურისტი დაზარალებულთან ერთად აქტიურად აგროვებდა მტკიცებულებებს. მისი ჩართულობით ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რითაც დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა.
პროკურატურამ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე კაცს ბრალი წარუდგინა.
ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა.
პირის სასამართლო პროცესი 9 ნოემბერს გაიმართება და მისი აღკვეთის ღონისძიება გადაწყდება.
სასამართლო რისკებს შეაფასებს, აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს და გადაწყვეტს, შეეფარდება თუ არა ბრალდებულს პატიმრობა.
საქმეზე გამოძიება გრძელდება




