მაშველები ნანგრევებში 7 მოქალაქეს, მათ შორის 3 ბავშვს ეძებენ
ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც შენობის ნაწილის ჩამონგრევა მოჰყვა

დღეს, 19 ნოემბერს, დილის 09:00 საათისთვის, ქვემო ფონიჭალაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც შენობის ნაწილის ჩამონგრევა მოჰყვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, ნანგრევებში მოყოლილია 7 ადამიანი, მათ შორის 3 მცირეწლოვანი.ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამაშველო-საძიებო ოპერაცია, თუმცა კორპუსის ჩამოშლის საფრთხის გამო მაშველებს განსაკუთრებულ რეჟიმში უწევთ მუშაობა.
აფეთქების მიზეზი და სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობა
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, აფეთქების კერა და სავარაუდო მიზეზი უკვე იდენტიფიცირებულია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება მეხუთე სართულზე,ბუნებრივი აირის გამათბობლის ჩართვის მცდელობისას მოხდა.
„ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო“, ასე გადმოსცა მინისტრმა მეხუთე სართულზე მცხოვრები მოქალაქის პირველადი ჩვენება.
აფეთქების შედეგად ჩამოინგრა კორპუსი პირველ სართულამდე და სრულად მოიშალა საყრდენი კედელი. სულხან თამაზაშვილის თქმით, შენობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რის გამოც სამაშველო სტრატეგიის შეცვლა გახდა საჭირო
ცოტა ხნის წინ საყრდენი კედელი გადმოიხარა, ამიტომ წინა მხრიდან სამაშველო ღონისძიებები შეჩერდა და მაშველები უკანა მხრიდან მუშაობენ. ნგრევის საფრთხე რეალურად არის
დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. შს მინისტრის ცნობით, კლინიკაში გადაყვანისას ოთხივე მათგანი კონტაქტური იყო, თუმცა ექიმების შეფასებით, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია:
· 31 წლის მამაკაცი: მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში.კლინიკის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, პაციენტს სხეულის დაახლოებით 87%-ის თერმული დამწვრობა, სასუნთქი გზების დაზიანება და ბაროტრავმა აღენიშნება.
· 11 წლის მოზარდი: გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში. გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის უფროსის, ანი დალაქიშვილის განმარტებით, ბავშვს ქალა-ტვინისა და გულმკერდის ტრავმები აქვს, რის გამოც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
· 38 წლის ქალი: 11 წლის მოზარდის დედა ასევე ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.ექიმების თქმით, მას მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს, მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტს რამდენიმე საათში გაწერენ.
· მეოთხე დაშავებული: ასევე არასრულწლოვანია, რომელსაც დაზიანება ყურის მიდამოში აღენიშნება.
მუნიციპალიტეტის რეაგირება და 90 ოჯახის საკითხი
კორპუსიდან მოსახლეობა სრულად ევაკუირებულია. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, რომლის თქმითაც, შენობის უსაფრთხოებას შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.
მუნიციპალური ლაბორატორია კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით შესწავლას ახორციელებს. მობილიზებული გვაქვს სასტუმროები, ყველაფერი უზრუნველყოფილია და თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ
რას ამბობენ „თბილისი ენერჯიში“?
კომპანია „თბილისი ენერჯის“ სადისპეჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსის, ირაკლი დეკანოიძის განმარტებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნული კორპუსიდან გაზის სუნთან დაკავშირებით არცერთი შეტყობინება არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება მეხუთე სართულზე მდებარე ბინას, სადაც აფეთქება მოხდა, კომპანიის ბაზაში ის დაკეტილად ირიცხებოდა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბინაზე არ ფიქსირდება დანახარჯი, რაც შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ადამიანი იშვიათად მიდიოდა სახლში. ჯერ ვერ დავათვალიერეთ კორპუსი და არ გვაქვს რაიმე ვერსია
ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები,საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ძებნა-შველის ოპერაცია კი ნანგრევებში მოყოლილი 7 მოქალაქის დასახმარებლად,რომელთა შორის 3 არასრულწლოვანია,კვლავ გრძელდება. ,,სანდო წყაროს“ რედაქცია დეტალებს ადგილზე ამოწმებს. ინფორმაცია განახლებადია.




