ჯუანშერ ბურჭულაძე ციხეს 2 წელიწადში დატოვებს
თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას თბილისის სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდათ

საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ცოლისძმას - ვასილ მხეიძესა და ყოფილ მოადგილეს გიორგი ხაინდრავას თბილისის სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდათ, რომელზეც პირველი ინსტანციის განაჩენით მრავალწლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი.
მოსამართლეთა კოლეგიამ (პაატა სილაგაძის თანათავმჯდომარეობით) მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება უკვე დაამტკიცა, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მხარემ თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში წერილობით წარადგინა პოზიცია, სადაც ზიანის ანაზღაურების გარეშე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ეწინააღმდეგებოდა.
ჯუანშერ ბურჭულაძეს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის საპატიმრო დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით და სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა სხვადასხვა სახის ქონება. ახალმა სასჯელმა შთანთქა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ყოფილი მინისტრი ციხეს ზუსტად 2 წელში
დატოვებს.
ვასილ მხეიძეს განესაზღვრა 4 წელი და 2 თვე (1 წელი და 2 თვე საპატიმრო, 3 წელი პირობით) და 100 000 ლარის ჯარიმა.
გიორგი ხაინდრავა: განესაზღვრა 4 წელი და 2 თვე (1 წელი და 2 თვე საპატიმრო, 3 წელი პირობით) და 100 000 ლარის ჯარიმა.
მხეიძე და ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ.
საპროცესო შეთანხმების გაფორმების მთავარი საფუძველი ბრალდებულების მიერ დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან აქტიური თანამშრომლობა გახდა. კერძოდ, ჯუანშერ ბურჭულაძემ და ვასილ მხეიძემ ჩვენება მისცეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე.
ბურჭულაძის ჩვენების თანახმად, მან ქრთამის სახით აღებული 1 500 000 ლარიდან ნახევარი (750 000 ლარი) თავად დაიტოვა, ხოლო მეორე ნახევარი ხელზე გადასცა მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.
ახლადანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასჯელი და საბოლოოდ, სამივე მსჯვარდებულს მეორე ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ძალაში დარჩა.




