"გუშინ გავიგე რომ აფრიკიდან ვიღაცას მიაქვს ბაობაბი"- შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი
სამხრეთ აფრიკაში საქართველოში ექსპორტისთვის განკუთვნილი ბაობაბის ხეები საწყობში ინახება - აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

დურბანის პორტში უკანონო ექსპორტის გამო გამოძიება დაიწყო -უკავშირდება თუ არა ახალი სკანდალი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს?
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ დურბანში სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყეს, ექსპორტისთვის განკუთვნილი, მინიმუმ ხუთი უზარმაზარი, დაცული სახეობის ბაობაბის ხე, საწყობში ინახება . ადგილობრივი ავტორიტეტული გამოცემა Daily Maverick-ის მიერ 2026 წლის 25 ოქტომბერს გამოქვეყნებული საგამოძიებო მასალის თანახმად, ამოთხრილი ხეები დურბანში, Africa Global Logistics -ის საწყობში, ღია ცის ქვეშ, ასფალტზე მიტოვებული.

სამხრეთ აფრიკის სატყეო მეურნეობის, მეთევზეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის განცხადებით, 2026 წლის 17 ივლისს საწყობში ხეების შემოწმებისას ექსპორტიორმა ვერ წარადგინა „ეროვნული ტყეების შესახებ კანონით“ გათვალისწინებული სავალდებულო ნებართვები. მოგვიანებით, ივლისის ბოლოს წარდგენილ განაცხადზე უწყებამ უარი განაცხადა, რადგან დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების ფონზე კანონდარღვევის უკანონო ლეგალიზება დაუშვებელია.
როგორც Daily Maverick იუწყება, ხეები ამოთხრილია ლიმპოპოს პროვინციიდან და ისინი საქართველოში, შავი ზღვისპირეთში დაგეგმილი ლანდშაფტური პროექტისთვის იყო განკუთვნილი.
„როდესაც ხეები 2026 წლის 17 ივლისს შეამოწმეს, ექსპორტიორმა ვერ წარადგინა მოქმედი ლიცენზია... 27 ივლისს წარდგენილ განაცხადზე უარი ითქვა, რადგან საკითხი სისხლის სამართლის გამოძიების საგანია და დეპარტამენტი არ გასცემს ლიცენზიას სავარაუდოდ უკანონო ქმედებების ლეგალიზებისთვის.“ - სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი.
ამ ეტაპზე სამხრეთ აფრიკის გარემოს დაცვის დეპარტამენტს არ დაუსახელებია იმ კომპანიის ან ფიზიკური პირის ვინაობა, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. Daily Maverick-ის ცნობით, უცნობია ქართველი მყიდველების ან მათი აგენტების ვინაობაც.
თუმცა, აღნიშნული შემთხვევა ბუნებრივად აჩენს კითხვებსა და პარალელებს 2022 წლის კენიურ სკანდალთან. მაშინ, გამოცემა OC Media წერდა, რომ კენიის მთავრობამ პროტესტისა და დარღვევების გამო შეაჩერა კილიფის ოლქიდან უძველესი ბაობაბების ექსპორტი საქართველოში. იმ დროინდელ ჟურნალისტურ გამოძიებებში პირდაპირ ფიგურირებდა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი და საქართველოს მოქალაქე გიორგი გვასალია, რომელიც კენიაში ბაობაბების მოძიებასა და ექსპორტს ხელმძღვანელობდა.

კენიიდან უნიკალური ჯიშის ხეების ექსპორტთან დაკავშირებით, საგამოძიებო სტატია გამოცემა The Guardian-მა 2022 წელს მოამზადა. სტატიის ავტორის ცნობით, კენიელ გლეხებს მოსალაპარაკებლად ვინმე გიორგი გვასალია ხვდებოდა, რომელიც ადგილობრივებისგან ბაობაბებს ყიდულობდა. ამასთანავე, იმ გლეხებმა, რომლებმაც საკუთარი ხეები გაასხვისეს, არ იცოდნენ, ვინ იყო რეალური მყიდველი.
აღნიშნული სკანდალური გამოძიების დეტალები საქართველოში 2022 წელს „შაბათის ფორმულას“ მაშინდელმა ჟურნალისტმა, ნინო ვარძელაშვილმა გაასაჯაროვა.
გამოცემა „სანდო წყარო“ შეეცადა დაკავშირებოდა საქმეში სავარაუდოდ ჩართულ მხარეებს. ჩვენ დავუკავშირდით გიორგი გვასალიას, რომელიც OC Media-მ და The Guardian -ის მიერ 2022 წელს ბაობაბების ექსპორტის სქემაში მთავარ ორგანიზატორად იყო დასახელებული. თუმცა მან ჩვენს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებსა და ზარებს არ უპასუხა. ინფორმაცია გადავამოწმეთ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის დირექტორთან, პაატა სულაბერიძესთან. სულაბერიძის თქმით :
“გუშინ გავიგე რომ აფრიკიდან ვიღაცას მიაქვს ბაობაბი. დენდროლოიური არ ელოდება არცერთ ხეს. გამოძიების შესახებ არაფერი არ ვიცი."
„სანდო წყარო“ განაგრძობს თემის კვლევას და საზოგადოებას მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას, როგორც კი ოფიციალური ორგანოები სამხრეთ აფრიკაში ბრალდებული კომპანიისა და მყიდველის ვინაობას გასაჯაროებენ.


.webp&w=1920&q=75)

