გლდანის ციხესთან გიორგი მინდაძეს და ანრი კვარაცხელიას ოჯახის წევრები და მეგობრები ელოდებიან
"სანდო წყაროს" ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის არიან პროევროპული აქციების დროს დაპატიმრებული აქტივისტები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილის მიერ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალებული პატიმრები ციხეებს დილით დატოვებენ.
"სანდო წყაროს" ინფორმაციით, შეწყალებულ 232 ადამიანს შორისა არიან პროევროპულ აქციებზე დაკავებული გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაც.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალებულთა სიაშია სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი "ოკმელა". ქსნის ციხესთან არიან შეკრებილები ოკმელაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები.
გიორგი ოკმელაშვილს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს გიორგი მინდაძესაც. ანრი კვარაცხელიას კი სპეცრაზმის თანამშრომლისთვის ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით აქვს მისჯილი ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა.
არსებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი პატიმარი გათავისუფლდება ქსნის, რუსთავის მე-17, გლდანისა და გეგუთის პენიტენციური დაწესებულებებიდან.




