ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა - გიორგი ჩახუნაშვილმა, ზაქრო ალბუთაშვილმა და ნიკა გვენცაძემ საპროცესო შეთანხმება გააფორმეს.
პროკურატურის შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, რის შედეგადაც სამივე მსჯავრდებულს სასჯელის ვადები მნიშვნელოვნად შეუმცირდა:
გიორგი ჩახუნაშვილი: საქალაქო სასამართლოს მიერ 2026 წლის 19 ივნისს დაკისრებული 5-წლიანი პატიმრობის სანაცვლოდ, განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი. ვინაიდან 3-თვიანი პატიმრობის ვადა მას უკვე მოხდილი ჰქონდა, იგი დარბაზიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდა.
ზაქრო ალბუთაშვილი: 5-წლიანი პატიმრობა შეეცვალა 1 წლით თავისუფლების აღკვეთითა და 3 წლით პირობითი მსჯავრით.
ნიკა გვენცაძე: საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 7 მაისის განაჩენით დაკისრებული 5 წლის ნაცვლად, მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი.
გიორგი ჩახუნაშვილს სააპელაციო სასამართლოსთან გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ.პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ექიმმა გიორგი ჩახუნაშვილმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო:
„პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც იყო ქართული საზოგადოებიდან თუ უცხოეთიდან. ჩემს იქ ყოფნას ყველა განიცდიდა. ნამდვილად არ ველოდებოდი დღეს ჩემს გათავისუფლებას, ამიტომ აუცილებლად მინდა მოკითხვა შევუთვალო გლდანის ციხის D3 კორპუსს ჩემს ბიჭებს და ყველა პატიმარს, ასაკის, სქესისა თუ მიზეზის მიუხედავად.
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პირები ზაქრო ალბუთაშვილი და ნიკა გვენცაძე ციხეს რამდენიმე კვირაში დატოვებენ.




