დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო ელისო კილაძის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს
რა წერია საქმის მასალებში, რას ედავებიან ჟურნალისტს და როგორია თავად ბრალდებულის პოზიცია

დღეს, 17 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორის, ელისო კილაძის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. გამოცემა „სანდო წყაროს“ ინფორმაციით, მოსამართლე გადაწყვეტილებას დიდ დარბაზში გამოაცხადებს.
ჟურნალისტი 2026 წლის 18 თებერვალს დააკავეს. მას გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას ედავება. საქმე ე.წ. თაღლითურ ქოლცენტრებს უკავშირდება. პროკურატურის თქმით, ელისო კილაძე იმ ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მფარველობით მოქმედებდა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ კილაძე მედიის საშუალებით ცდილობდა ჯგუფის უკანონო საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას, რა დროსაც ფარცხალაძის ფრთის კონკურენტი ქოლცენტრების მისამართებისა და თანამშრომლების შესახებ ინფორმაციებს ავრცელებდა.
საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სხდომების დახურვის მოტივად პროკურატურამ საქმეში არსებული მასალები - პერსონალური მონაცემები, კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და სხვა პირთა, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ინტერესები დაასახელა. სხდომების დახურვაზე კილაძეს განსხვავებული შეფასება ჰქონდა. აცხადებდა, რომ სხდომების დახურვის რეალური მიზანი მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების სისუსტის საზოგადოებისთვის დამალვა იყო.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, რომელიც 2020–2023 წლებში თბილისის სხვადასხვა უბანში (გაგარინის მოედანზე, მიცკევიჩის, ბერბუკის, ვაჟა-ფშაველასა და სხვა ქუჩებზე) მოქმედ თაღლითურ ოფისებს ეხება, ბრალი სულ 10 პირს წარედგინა, მოგვიანებით კი ელისო კილაძის ეპიზოდი ცალკე წარმოებად გამოიყო. გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივმა ჯგუფმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ძარცვის გზით 9 მილიონ დოლარზე მეტი მიითვისა.
საქმის მასალებში მთავარი მტკიცებულებები ქოლცენტრების დამფუძნებლებისა და თანამფლობელების - გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, გიორგი კამლაძისა და თორნიკე ჯანელიძის - აღიარებით ჩვენებებს ეყრდნობა. აღსანიშნავია, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის შემდეგ ოთხივე მათგანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, გივი ჯიბლაძის, ჩვენებების მიხედვით, ელისო კილაძის როლი შემდეგ ეპიზოდებში იკვეთება:
„ყოველთვიურად ვაძლევდი 5000 დოლარს, რის სანაცვლოდაც ელისო კილაძე უზრუნველყოფდა ჩემი და ჩემი თაღლითური ქოლცენტრების საჯარო სივრცეში საინფორმაციო მხარდაჭერას მის ხელთ არსებული საშუალებებით.“
ჯიბლაძე ასევე აცხადებდა:
„... ოთარ ფარცხალაძე ელისო კილაძეს იყენებდა საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, რაშიც ოთარ ფარცხალაძე ელისო კილაძეს უხდიდა 7000 დოლარს, რაც მე ვიცი როგორც ელისოსგან, ასევე ირაკლი სეხნიაშვილისგან.“
თავად ელისო კილაძე წარდგენილ ბრალს აბსურდულსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
კილაძის შეფასებით, მისი დაკავება თავისუფალ მედიაზე ზეწოლისა და პირადი შურისძიების აქტია. ის აცხადებს, რომ წლების განმავლობაში თავად ამხელდა ქოლცენტრების მფარველ მაღალჩინოსნებს, ახლა კი ხელისუფლება ცდილობს, ჟურნალისტური გამოძიებებისთვის დასაჯოს და გააჩუმოს. კილაძე კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს ოთარ ფარცხალაძესთან ან თაღლითურ სქემებთან და აღნიშნავს, რომ სასაცილოა, როცა მილიონობით დოლარის მითვისებაში მხილებული პირები გირაოთი გარეთ არიან, ხოლო ჟურნალისტი ციხეში ზის.
ბრალდებული ჟურნალისტი არ უარყოფს, რომ გივი ჯიბლაძის კომპანიისგან სარეკლამო მომსახურების ფარგლებში 5 000 დოლარს იღებდა, თუმცა განმარტავს, რომ ეს თანხა ოფიციალურად, ხელშეკრულების საფუძველზე ირიცხებოდა, იბეგრებოდა და რედაქციის 18 თანამშრომლის ხელფასებსა და გაზეთის გამოცემას ხმარდებოდა.
ოჯახის წევრების განცხადებითაც, დაკავებამდე კილაძე მუშაობდა ისეთ რეზონანსულ საქმეებზე, როგორიც არის ლევან ჯანგველაძის მკვლელობა, ნარკოდანაშაული, სვანეთში ხე-ტყის უკანონო ჭრა, და დაკავებას სწორედ ამ ხმაურიან საქმეებს უკავშირებენ.
ბრალის დამტკიცების შემთვევაში, ელისო კილაძეს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.




