ბოლო 2 წელში კრიტიკულ მედიაზე 600-ზე მეტი თავდასხმა განხორციელდა
„უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს“ - ამ სათაურით „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანგარიშს აქვეყნებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, 2026 წლის განმავლობაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დარღვევების დაახლოებით 200 შემთხვევა აღირიცხა. ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მიხედვით, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ზეწოლის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად სასამართლო და სამართალდამცველი სისტემები, პარლამენტი და კომუნიკაციების კომისია იქცა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (TI საქართველო) ინფორმაციით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, საქართველოში დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ 600-ზე მეტი ძალადობის, თავდასხმის, დაშინების, დევნის, მუქარის, შევიწროებისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შემთხვევა აღირიცხა. მათგან დაახლოებით 200 მიმდინარე წელს მოხდა.
ორგანიზაციის ახალი ანგარიშის თანახმად, უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ზეწოლა სხვადასხვა ფორმით ხორციელდებოდა, თუმცა განსაკუთრებით გამოიკვეთა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი ორგანოების გამოყენება ჟურნალისტების საქმიანობის შესაფერხებლად.
TI საქართველომ ანგარიშში სამი ძირითადი მიმართულება გამოყო: სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა კრიტიკული მედიის წინააღმდეგ, პარლამენტი, სადაც კრიტიკული კითხვების დასმისთვის ჟურნალისტებს აკრედიტაციას უჩერებენ, და კომუნიკაციების კომისია, რომელიც ორგანიზაციის შეფასებით, ცენზურის ინსტრუმენტად იქცა.
ანგარიში 2026 წლის მაისიდან ნოემბრის ბოლომდე გამოვლენილ შემთხვევებს მოიცავს. ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი სხვა ტიპის დანაშაულები ორგანიზაციას საერთო რაოდენობრივ სტატისტიკაში აქვს თავმოყრილი.
სასამართლო და სამართალდამცველი სისტემა ჟურნალისტების წინააღმდეგ
TI საქართველოს შეფასებით, „ქართული ოცნება“ და მასთან დაკავშირებული პირები კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სასამართლო და სამართალდამცველ სისტემებს აქტიურად იყენებენ. ეს, მათ შორის, გამოიხატება ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ სტრატეგიული სასამართლო დავების (SLAPP) დაწყებაში, დაჯარიმებასა და ადმინისტრაციულ პატიმრობაში.
ორგანიზაცია ანგარიშში რამდენიმე გახმაურებულ შემთხვევას ასახელებს.
19 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ტელეკომპანია პირველის“ წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს, სამი დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
30 მაისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ინტერნეტგამოცემა „ახალი კავკასიის“ ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. მისი სასამართლო პროცესები დახურულია, რის გამოც საზოგადოებას არ აქვს შესაძლებლობა, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს როგორც საქმის გარემოებების, ისე მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდების დასაბუთებულობის შესახებ. ჟურნალისტი ბრალს არ აღიარებს, საქმეს აბსურდულს უწოდებს და მოითხოვს, მას საიდუმლო გრიფი მოეხსნას. მისი ადვოკატის განცხადებით, საგამოძიებო უწყებების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ჯაშუშობის ბრალდებას არ ადასტურებს.
16 ივნისს პროკურატურამ განაცხადა, რომ რეჟისორ გოგა ხაინდრავას მიმართვის საფუძველზე ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ ცრუ დასმენის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ტელეკომპანიის ეთერში 2026 წლის იანვარსა და 2025 წლის დეკემბერში გასულ სიუჟეტებს, რომლებიც ხაინდრავას შესაძლო მონაწილეობას ეხებოდა კორუფციულ სქემაში. მანამდე ხაინდრავას ამავე საკითხზე სასამართლოსთვის ადმინისტრაციული წესით ჰქონდა მიმართული და „ფორმულასგან“ ინფორმაციის უარყოფასა და 10 000-ლარიან კომპენსაციას ითხოვდა. სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საგამოძიებო ორგანოში ტელეკომპანიის ორი ჟურნალისტი და ოპერატორი გამოკითხეს.
10 ივლისს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო „ფორმულას“ ჟურნალისტი და წამყვანი ვახო სანაია 6 000 ლარით დააჯარიმეს. 22 ივლისს მას იმავე საფუძვლით 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, 19 ოქტომბერს კი — ერთთვიანი პატიმრობა.
5 აგვისტოს დააკავეს საქართველოში მცხოვრები უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზესი, რომელიც აქტიურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების მიზეზად საქართველოში მისი ყოფნის კანონიერ ვადასთან დაკავშირებული დარღვევა დაასახელა. 6 აგვისტოს ჟურნალისტმა ქვეყანა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. მანამდე მეზესი მის მიმართ მუქარის ფაქტებზე საუბრობდა.
17 აგვისტოს წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით დააკავეს „აჭარის ტელევიზიის“ ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. სასამართლომ მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
22 ოქტომბერს საბოტაჟისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
27 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერი და ჟურნალისტი თორნიკე რაზმაძე რუსი პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფისთვის 3 000 ლარით დააჯარიმა.
3 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ბერა ივანიშვილმა, ტელეკომპანიებს — „ფორმულასა“ და „ტვ პირველს“ — უჩივლა. დავა მის შესაძლო კავშირს ეხება ე.წ. თაღლითურ ქოლცენტრებთან. ივანიშვილი მაუწყებლებისგან მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვს.
17 ნოემბერს კი ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე გაზეთ „ქრონიკა+“-ის დამფუძნებელსა და რედაქტორს, ჟურნალისტ ელისო კილაძეს, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მისი სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. TI საქართველო აღნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებს, არ მიეცათ პროცესის მონიტორინგისა და საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირების შესაძლებლობა. ორგანიზაციის შეფასებით, დახურული პროცესების გამო რთულია იმის შეფასება, რამდენად დასაბუთებული იყო ბრალდება და ემყარებოდა თუ არა გამამტყუნებელი განაჩენი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამის მტკიცებულებებს. თავად კილაძე ბრალს არ აღიარებს.
პარლამენტი - კრიტიკული კითხვებისთვის ჟურნალისტებს აკრედიტაციას უჩერებენ
ანგარიშის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პარლამენტში ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვაა.
TI საქართველოს შეფასებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის წესი გამკაცრდა, საკანონმდებლო ორგანო კრიტიკული მედიისთვის ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ინსტიტუციად იქცა.
ორგანიზაცია წერს, რომ პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის გამოყენებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის მიუღებელი კითხვების დასმის გამო ჟურნალისტებს აკრედიტაციას სხვადასხვა ვადით, მათ შორის ერთი წლით, უჩერებენ. შედეგად, დამოუკიდებელ მედიას მნიშვნელოვნად ეზღუდება პარლამენტში მუშაობისა და საზოგადოების ინფორმირების შესაძლებლობა.
TI საქართველო ყურადღებას ამახვილებს იმ წინააღმდეგობაზეც, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, პარალელურად კი კომუნიკაციების კომისია მაუწყებლებისგან ბალანსის პრინციპის დაცვას მოითხოვს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2026 წელს პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერეს, ვადაზე ადრე გაუუქმეს ან ერთჯერად აკრედიტაციაზე უარი უთხრეს კრიტიკული მედიის სულ მცირე 20 წარმომადგენელს.
ნოემბერში, ანონიმური დეპუტატის საჩივრის საფუძველზე, საპარლამენტო აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს ხატია სამხარაძეს. 17 ნოემბერს იგივე ვადით აკრედიტაცია შეუჩერეს ტელეკომპანია „ფორმულას“ გამომძიებელ ჟურნალისტს ნინუცა კეკელიას.
მანამდე, აგვისტოში, საგამოძიებო სტუდია „მონიტორმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ჟურნალისტებს მიმდინარე წლის განმავლობაში ერთჯერად საპარლამენტო აკრედიტაციაზე უარი ოთხჯერ უთხრეს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2026 წლის ივლისის ბოლოს ამ საკითხზე სპეციალური ანგარიშიც გამოაქვეყნა, რომელშიც დეტალურად იყო განხილული, როგორ შეიზღუდა კრიტიკული მედიის წვდომა პარლამენტზე.
კომუნიკაციების კომისია - კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ სანქციები
TI საქართველო ანგარიშში ცალკე გამოყოფს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასაც და მიიჩნევს, რომ 2026 წელს კომისია კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ განსაკუთრებით გააქტიურდა.
ორგანიზაციის შეფასებით, თებერვალში, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა პროსამთავრობო მაუწყებლები — „იმედი“ და „პოსტვ“ — დაასანქცირა, კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკული მაუწყებლების მიმართ მონიტორინგი და სანქციების გამოყენება გააძლიერა.
TI საქართველოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს კომისიამ „ფორმულასა“ და „ტელეკომპანია პირველის“ წინააღმდეგ ჯამში შვიდი მოხსენებითი ბარათი შეადგინა. ამის საფუძველზე მაუწყებლებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის მიუღებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენების გამო ჯერ სიტყვიერი გაფრთხილებები მისცეს, შემდეგ თითოეული 2 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 5 000 ლარით დააჯარიმეს.
1 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ 10 000-ლარიანი ჯარიმაც დააკისრა.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომისიის მონიტორინგის ფარგლებში პროსამთავრობო არხებიც — „იმედი“, „პოსტვ“ და „რუსთავი 2“ — მოხვდნენ. მათაც სიტყვიერი გაფრთხილებების შემდეგ 2 500-ლარიანი ჯარიმები დაეკისრათ.
თუმცა, TI საქართველოს შეფასებით, პროცესებზე დაკვირვება აჩენს განცდას, რომ პროსამთავრობო არხების მიმართ სანქციების გამოყენებას ფორმალური ხასიათი აქვს და კომისიის მიერ ობიექტური არბიტრის როლის წარმოჩენას ემსახურება.
TI საქართველო: დამოუკიდებელი მედია გაჩუმებას არ აპირებს
ანგარიშის დასკვნით ნაწილში ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სასამართლო დავები, დაკავებები, ჯარიმები, საპარლამენტო აკრედიტაციების შეჩერება და კომუნიკაციების კომისიის სანქციები ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის მხოლოდ ნაწილია.
ამასთან ერთად, TI საქართველო საუბრობს ჟურნალისტებზე სისტემურ სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმებზე, მათ წინააღმდეგ ტროლებისა და ბოტების გამოყენებით წარმოებულ საინფორმაციო კამპანიებსა და კიბერთავდასხმებზე.
ორგანიზაციის შეფასებით, ამ ქმედებების მიზანი ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა და ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის საბოლოო გაქრობაა.
მიუხედავად ამისა, TI საქართველო მიიჩნევს, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია ქვეყანაში კვლავ აგრძელებს მუშაობას და საზოგადოების ინფორმირების საკუთარ მთავარ მოვალეობას ასრულებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს მედიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ფორმის თავდასხმისა და შევიწროების მსხვერპლი გახდნენ და მადლობას უხდის მათ პროფესიული ღირსებისა და ერთგულების შენარჩუნებისთვის.




