ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა - პროკურატურა ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავს
სამართალდამცავებმა თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ავტომობილისა და სახლის ჩხრეკის ოპერაციის შემდეგ დააკავეს.

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ბრალდებით პატიმრობა შეეფარდა - პროკურატურა ბრალის დამძიმებას არ გამორიცხავს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სამართალდამცავებმა იგი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ავტომობილისა და სახლის ჩხრეკის ოპერაციის შემდეგ დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 30 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ელიზბარაშვილსა და დაზარალებულს შორის სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტართან დაკავშირებით სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ბიზნესმენი მათ სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრების თანახმად, დაახლოებით 30 წუთში იგი რესტორანში შეიარაღებული და დემონსტრაციულად უბეში ხელჩაყოფილი დაბრუნდა და შენობაში შეჭრას ცდილობდა, მომდევნო დღეს კი სოციალურ ქსელში მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.
დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლებას 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა და აცხადებდა, რომ ელიზბარაშვილს იარაღი არ ჰქონია, ხოლო ხელი უბეში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ეჭირა. მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
ამ ეტაპზე ელიზბარაშვილს ბრალი სსკ-ის 151-ე (მუქარა) მუხლით აქვს წარდგენილი, თუმცა პროკურორ გოგა კაკოჩაშვილის განცხადებით, მტკიცებულებათა ერთობლიობის მოპოვების შემდეგ არ არის გამორიცხული, მას ბრალდება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების (სსკ-ის 236-ე მუხლი) ნაწილშიც დაუმძიმდეს.




