არ მინდა მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე
ყოფილი მოსამართლის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ შუამდგომლობა „შინაგანმა რწმენისა და სამოსამართლო სინდისის“ კარნახით დააყენა.

მანანა კობახიძემ სასამართლოდან წამოსვლის შესახებ "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გადადგომის მიზეზად სასამართლოს მიუკერძოებლობის პრინციპის დაცვას ასახელებს.
მე იმ ეტაპზე დავაყენე თვითაცილება, როცა მომიწია საქმესთან უშუალოდ შეხება, მანამდე ის არ იყო ჩემი განხილვის საგანი. ანუ, როდესაც პლენუმზე გადმოვიდა საქმე, მე დავაყენე კანონიდან გამომდინარე ეს შუამდგომლობა, როგორც ჩემმა შინაგანმა რწმენამ თუ სამოსამართლო სინდისმა მიკარნახა
„რადიო თავისუფლების” კითხვაზე, ხომ არ აღმოჩნდა პარტიების აკრძალვის მოთხოვნა სასამართლოს მეშვეობით მისთვის პერსონალურად მიუღებელი, და რას ფიქრობს, იმ მოსაზრებებზე, რომ ოპოზოციური პარტიების აკრძალვა ქვეყანას დააზიანებს, მანანა კობახიძე პირდაპირ პასუხს არ სცემს.
ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ჩემი გადადგმული პირადი, დამოუკიდებელი ნაბიჯი და არაფერი მეტი. მე მგონია, რომ სწორი ვიყავი
საკონსტიტუციო სასამართლო კობახიძემ 13 ოქტომბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.




