6 დაღუპული და სასწაულებრივად გადარჩენილი 3 წლის თაია - ფონიჭალის აფეთქების სრული სურათი
ქვემო ფონიჭალაში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა. ნენგრევებიდან ცოცხალი მხოლოდ 3 წლის თაია ამოიყვანეს
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაწყებული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია შუაღამისას დასრულდა. საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი შვიდი ადამიანიდან მაშველებმა მხოლოდ ერთის - 3 წლის თაიას გადარჩენა შეძლეს. ექვსი მოქალაქე, მათ შორის ორი მცირეწლოვანი, დაიღუპა. ერთ-ერთი თაიას უფროსი და, ნუცაა.
როგორ ვითარდებოდა მოვლენები საათების მიხედვით, რა გახდა აფეთქების სავარაუდო მიზეზი და რას მოუწოდებენ სპეციალისტები მოსახლეობას:
09:00 საათი - აფეთქება და პირველი დაშავებულები
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში მდებარე ხუთსართულიან კორპუსში დილის 09:00 საათისთვის მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველადი ინფორმაციით, მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება გახდა - მეხუთე სართულზე მცხოვრებმა მოქალაქემ, რომელიც ბინაში იშვიათად მიდიოდა (ბინა „თბილისი ენერჯის“ ბაზაში დაკეტილად ირიცხებოდა), დილით გამათბობლის ჩართვა სცადა.
აფეთქების ტალღამ კორპუსის სართულები პირველ სართულამდე ჩამოანგრია და საყრდენი კედელი მოშალა. ნანგრევებიდან მალევე გამოიყვანეს 4 დაშავებული, მათ შორის 31 წლის მამაკაცი (სხეულის 87%-იანი დამწვრობით) და დედა-შვილი - 38 წლის ქალი და 11 წლის მოზარდი. ადგილობრივებისა და სამაშველო სამსახურის მონაცემებით, ნანგრევებში კიდევ 7 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი რჩებოდა.
დღის პირველი ნახევარი - სამაშველო ოპერაცია ჩამოშლის საფრთხის ფონზე
საძიებო სამუშაოები პირველივე საათებში გართულდა: დაზიანებული საყრდენი კედელი გადაიხარა და შენობის ხელახალი ნგრევის რეალური საფრთხე შეიქმნა. ამის გამო მაშველებმა წინა მხრიდან მუშაობა შეაჩერეს და ნანგრევებში კორპუსის უკანა მხრიდან შევიდნენ.
მეზობლების ინფორმაციით, პირველ სართულზე მცხოვრები 54 წლის ლალი შიშმანაშვილის ტყუპმა შვილებმა შენობიდან გამოსვლა მოახერხეს, თუმცა მათი დედა საძინებელში ჩაწოლილი ბეტონის ფილების ქვეშ მოჰყვა. ნანგრევებში ეძებდნენ მეორე სართულზე მცხოვრებ ოჯახებსაც.
17:00 - 8 საათის შემდეგ ნაპოვნი გადარჩენილი 3 წლის ბავშვი
აფეთქებიდან დაახლოებით რვა საათის შემდეგ, საღამოს 5 საათისთვის, მაშველებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია ცოცხალი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თეიმურაზ მღებრიშვილის ცნობით, ბავშვი კორპუსის მეორე და მესამე სართულებს შორის იყო მოყოლილი და ის პირველი სართულის ფანჯრიდან გადმოიყვანეს. კლინიკაში გადაყვანისას გოგონა კონტაქტური და ადეკვატური იყო, კვლევებმა კი აჩვენა, რომ მას რაიმე მძიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა.
19:00 - პირველი ცხედრების ამოსვენება საღამოს 7 საათისთვის მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის -ორი ქალისა და ერთი მცირეწლოვანი ბავშვის ცხედრები ამოასვენეს. დადგინდა, რომ დაღუპულთა შორის იყვნენ გადარჩენილი 3 წლის თაიას დედა - ნინო ჭელიძე და თაიას 7 წლის და - ნუცა. მესამე გარდაცვლილი კი პირველ სართულზე მცხოვრები ტყუპების დედა აღმოჩნდა.
გვიანი საღამო და შუაღამე - სამძებრო სამუშაოების დასრულება ღამის განმავლობაში მაშველებმა ნანგრევებში დარჩენილი კიდევ სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს:
- გვიან საღამოს ამოასვენეს მეოთხე დაღუპულის - ქალის ცხედარი;
- მალევე იპოვეს მეხუთე გარდაცვლილი - მამაკაცი;
- შუაღამისას კი მაშველებმა მეექვსე მოქალაქის - არასრულწლოვანი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს, რითაც ძებნა-შველის ოპერაცია დასრულდა.
ევაკუირებული მოსახლეობა და გამოძიება კორპუსიდან ევაკუირებულია 90 ოჯახი. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალური ლაბორატორიის შემოწმებით დადგინდა, რომ შენობის ორი სადარბაზო საცხოვრებლად სახიფათოა, დანარჩენი ნაწილი კი - ვარგისი. მერიამ 28 ოჯახი სასტუმროებში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
შემთვევის ადგილას ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
„თბილისი ენერჯის“ მიმართვა მოქალაქეებს: როგორ შევამოწმოთ გაზის ქსელი ტრაგედიის ფონზე, კომპანია „თბილისი ენერჯის“ დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ „ტვ პირველის“ ეთერში მოქალაქეებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, კომპანია ნებისმიერ აბონენტს ბინაში არსებული გაზის ქსელისა და დანადგარების სრულ შემოწმებას უფასოდ სთავაზობს.
„ყველას, ვისაც კი დააინტერესებს, რა მდგომარეობაშია ოჯახში არსებული გაზის ქსელი, დარეკოს ცხელ ხაზზე - 240-40-04 (მუშაობს 24/7-ზე) და მარტივად მოითხოვოს: „მაინტერესებს და შემიმოწმეთ, ჩემს ბინაში არსებული გაზის ქსელი და დანადგარები რამდენად უსაფრთხოა“. ეს მომსახურება არის სრულიად უფასო. მოთხოვნიდან მეორე, მაქსიმუმ, მესამე-მეოთხე დღეს აუცილებლად მოვლენ ჩვენი სპეციალისტები და შეამოწმებენ ან მისცემენ რჩევებს, რა გამოასწოროს, ან საფრთხის შემთხვევაში ექნებათ რეაგირება“, - განაცხადა ლეფსვერიძემ.
რას უნდა ველოდოთ ახლა: კითხვები, რომლებსაც გამოძიებამ უნდა უპასუხოს სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ პროცესი სამართლებრივ და საინჟინრო ეტაპზე გადადის. ამ დროისთვის კლინიკებში ოთხი დაშავებული რჩება - მათ შორის მძიმე მდგომარეობაში მყოფი 31 წლის მამაკაცი და 11 წლის მოზარდი, ხოლო ნანგრევებიდან 8 საათის შემდეგ ამოყვანილი 3 წლის თაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პარალელურად, უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისთვის მთავარ გამოწვევად კორპუსის დაზიანებული ნაწილის გამაგრება და საცხოვრებელ ფართებში დაბრუნების ვადები რჩება. გამოძიებამ და ექსპერტიზამ კი ზუსტად უნდა დაადგინოს, რა გახდა ბუნებრივი აირის დაგროვების უშუალო მიზეზი და იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები როგორც ბინის შიგნით, ისე კორპუსის გაზმომარაგების ქსელში.




