3 წელი ციხეში და 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა - თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება
თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მისი ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს ახალი ბრალდება წარუდგინა, თუმცა მალევე გაირკვა,რომ პროკურატურა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის მიმართ გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შუამდგომლობას წარადგენს. აღნიშნული მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას გულისხმობს.
შუამდგომლობების თანახმად, განისაზღვრა შემდეგი სასჯელები: ჯუანშერ ბურჭულაძე ცნობილი იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 338-ე
მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღება). მას სასჯელის სახედ განესაზღვრება 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით მსჯავრად. ამასთან, მას დაეკისრება ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით.
ვასილ მხეიძე ცნობილი იქნება დამნაშავედ სსკ-ის 25, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით (ქრთამის აღებაში დახმარება). მას სასჯელის სახით განესაზღვრება 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა - საიდანაც 1 წელს და 2 თვეს საპატიმროში მოიხდის, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით მსჯავრად. მასვე დაეკისრება ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
გამოძიების თანახმად, 2021-2024 წლებში, როდესაც ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა, სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურის საიდუმლო შესყიდვა დასჭირდა. არამართლზომიერი სარგებლის მიღების მიზნით, ვასილ მხეიძე ბურჭულაძესთან შეთანხმებით დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს და შესთავაზა ტენდერის იმგვარად მოწყობა, რაც მისი კომპანიის გარანტირებულ გამარჯვებას უზრუნველყოფდა. სანაცვლოდ, მხარეებმა სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდი ფულის სახით გადაცემა მოითხოვეს.
მეწარმის მხრიდან დამატებითი გარანტიების მოთხოვნის შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძე იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეუთანხმდა, რომელმაც თანხმობა განაცხადა და მატერიალური სარგებლის წილი მოითხოვა.
ბურჭულაძის დავალებით, თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა ვლადიმერ ღუდუშაურმა ხელოვნურად შექმნეს არაკონკურენტული გარემო. შედეგად, 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების აპარატურა სამინისტრომ 18 484 960 ლარად შეიძინა, რამაც სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა. სანაცვლოდ, ბიზნესმენმა ვასილ მხეიძეს ქრთამის სახით 1 900 000 ლარი გადასცა. მხეიძემ 400 000 ლარი დაიტოვა, ხოლო 1 500 000 ლარი ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მიიღო, რომელმაც თანხის ნახევარი 750 000 ლარი ხელზე ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა. აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდება ყოფილ პრემიერ-მინისტრს
უკვე წარდგენილი აქვს.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თითქმის 1 წელია დაკავებულია, მას23 აპრილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კორუფციული სქემის ამ კონკრეტულ საქმეში ასევე ფიგურირებს ბურჭულაძის ცოლის ძმა ვასილ მხეიძეც, რომელსაც 8 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. Საქმე ეხებოდა სამსახურებივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ფულის უკანონო ლეგალიზაციას, სახელმწიფი ბრალდებამ მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება ამ კონკრეტულ საქმეზე არ გაუფორმა.




