14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ ქალთა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
14 წლის გოგონას მკვლოლობიდან 3 წელი გავიდა

მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ, ეგანა მაგამაროვამ, სასჯელი სრულად მოიხადა და ქალთა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ინფორმაციას ადვოკატი ადასტურებს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მას 3 წელი მიუსაჯა, რომლის ათვლაც დაკავების დღიდან - 2023 წლის ოქტომბრიდან დაიწყო.
სასტიკი მკვლელობის შემდეგ, სამართალდამცავებმა აითაჯის დედა და ბიძა დააკავეს. ასევე, ხელბორკილლები დაადეს ე.წ ქმრის ნათესავებსაც. გამოძიება ოჯახს ედავებოდა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. გამოძიებით დადგინდა, რომ ოჯახმა 14 წლის გოგონა ასაკით გაცილებით უფროს მამაკაცზე, აზერ მამედოვზე, ფაქტობრივად, იძულებით გაათხოვა.
სასამართლო პროცესებზე დედა ბრალს არ აღიარებდა. სასამართლომ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მას 3-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ბიძას 3 წელი და 6 თვე.
14 წლის აითაჯ შახმაროვა 2023 წლის ოქტომბერში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. მას ე.წ. ქმარმა ტყვია ზურგში ესროლა. აითაჯი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ არასრულწლოვანს არასდროს სურდა თანაცხოვრება და ქმრისგან გაქცევა რამდენჯერმე სცადა, თუმცა დედამ და ბიძამ ის იძულებით უკან დააბრუნეს.
სამართალდამცავებმა აზერ მამედოვი მომხდარიდან მალევე დააკავეს. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვანი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.




