109-ე ბაგა-ბაღში ბავშვებს დენმა დაარტყა
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვები კიბეზე ჩამოდიოდნენ და დენი კიბის მოაჯირიდან გავრცელდა.

თბილისის 109-ე საბავშვო ბაგა-ბაღში რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი ელექტროდენით დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვები კიბეზე ჩამოდიოდნენ და დენი კიბის მოაჯირიდან გავრცელდა.
ერთ-ერთი მშობლის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ბაღში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ გამოუძახებიათ.
მომხდარის გამო აღსაზრდელების მშობლები ბაღის ადმინისტრაციისგან შენობის ელექტროგაყვანილობის სრულ შემოწმებას ითხოვენ. მათი განმარტებით, იმ სივრცეში, სადაც ბავშვები გადაადგილდებიან, ელექტროდენის გაჟონვის საფრთხე საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მშობლებს აინტერესებთ, რამდენად უსაფრთხოა ბაღის სხვა სივრცეებიც.
მედიასთან საუბარში ბაღის ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. მისი თქმით, დირექტორმა შესაბამის სამსახურებს მიმართა, რომლებმაც ადგილზე შემოწმება ჩაატარეს.
109-ე ბაგა-ბაღში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომაც. სააგენტოს ინფორმაციით, შენობის ელექტროგაყვანილობა სრულად გამართული და უსაფრთხოა, რასაც შესაბამისი საექსპერტო დასკვნებიც ადასტურებს.




