თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები "ხარებას" დაკითხვას ითხოვენ
გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ "ხარება" მართავდა სამი შავი ჯიპიდან ერთ-ერთს, რომელიც ოჯახის მტკიცებით, ახალგაზრდა ქალის გაუჩინარების დღეს მის მანქანასთან დააფიქსირეს

თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თამარის გაუჩინარების დღე უჩვეულოდ დაემთხვა სუს-ის სამი მანქანის გადაადგილებას, რომელთაგან ერთ-ერთში ზვიად ხარაზიშვილი იმყოფებოდა.
რამდენადაც ვიცი, "ხარებას" დაქვემდებარებაში იყო სუს-ის სამივე მანქანა. ზემო ფონიჭალის ასახვევთან არ მისცეს თამუნას იმის საშუალება, რომ ქალაქისკენ გადაადგილებულიყო და მოიქციეს ალყაში, რომ მას გზა გაეგრძელებინა ფონიჭალისკენ. სადღაც 10 წუთის განმავლობაში იყო დაყოვნებული იმ კამერების ჩანაწერების თანახმად, სადაც მიეცეს დირექტივა, რომ გაეგრძელებინა გზა მარნეულის მიმართულებით, სადაც კამერები დააფიქსირებდნენ, რომ თამარი მარტო იმყოფებოდა მანქანაში. ამის გამო ვითხოვთ დაკითხვას, თუ რატომ იყო ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი
ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, საქმის მასალებში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობას და არა თვითმკვლელობას
ჩვენ გამოძიების ვერსიას ვუცხადებთ უნდობლობას და მიგვაჩნია რომ, საქმის მასალებში არის არაერთი ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი მტკიცებულება, რაც საქმეზე შეცვლის გამოძიების ვერსიას და ცხადყოფს, რომ ჩემს შვილს თავი არ მოუკლავს და იგი მოკლეს.
23 წლის პროგრამისტის მშობლები საქმის განახლების და ხელახალი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურასთან შეიკრიბნენ. ბაჩალიაშვილის ოჯახი უკვე რამდენიმე თვეა, პროგრამისტის გარდაცვალების საქმეზე ხელახალ გამოძიებას ითხოვს.




