თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ადვოკატი კახა ჩუბინიძეა
გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სისხლის სამართლის ადვოკატი რუსთავში დააკავეს.

დაკავებული ადვოკატი კახა ჩუბინიძეა. ის დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს. მის ინტერესებს ნანა ბიბილაური იცავს. ადვოკატი ამბობს, რომ დაზარალებული პატიმრის და არის. კაცი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით იყო დაკავებული, მაგრამ სხვა დეტალები ინტერესების დამცველისთვის უცნობია. ბიბილაურის თქმით, ადვოკატი კახა ჩუბინიძე რუსთავში დააკავეს.
ადვოკატისთვის ბრალის წარდგენის შესახებ ინფორმაცია პროკურატურამაც გაავრცელა.
განცხადებაში ნათვამია:
“ადვოკატი, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის ინტერესებს იცავდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დას შეხვდა და დაპირდა, რომ მიუხედავად განსაკუთრებით მძიმე სასჯელისა, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება 3-4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე გაფორმდებოდა, რისთვისაც თითქოსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად, მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი. მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებული არწმუნებდა დაზარალებულს რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას ვერ გააფორმებდა და საკითხს არც კი განიხილავდა.”
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




