სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
სუს-ის ყოფილ უფროსს, 13 წლით პატიმრობა მიესაჯა - საქმის დეტალები და მხარეთა პოზიციები

13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა სუსის ყოფილ უფროსს. გრიგოლ ლილუაშვილს, 9 თვიანი სასამართლო სხდომები გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო თარაშვილის განაჩენით, ლილუაშვილს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
სახელმწიდო ბრალდება გრიგოლ ლილუაშვილს კორუფციის 4 ეპიზოდში სდებდა ბრალს.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა ლილუაშვილის მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაულები:
თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მფარველობა (2021-2022 წლები): თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობისთვის ლილუაშვილმა ქრთამის სახით 1 365 000 აშშ დოლარი აიღო. ბრალდების მიხედვით, სქემაში უშუალოდ მონაწილეობდა მისი უახლოესი პირი, ანდრია ლილუაშვილი.
ქარის ელექტროსადგურების პროექტი (2022 წელი): ეკონომიკის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მსურველი ინვესტორისგან, საკითხის ლობირების სანაცვლოდ, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით 1 000 000 აშშ დოლარი გამოართვა.
გაზიფიკაციის ტენდერები (2022 წლის თებერვალი): ისევ რომეო მიქაუტაძის შუამავლობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დირექტორს ტენდერებში გამარჯვების სანაცვლოდ 1 500 000 ლარი მოსთხოვა და გამოართვა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს სქემა (2018-2023 წლები): მფარველობას უწევდა სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, კახაბერ გვანცელაძეს, რომელიც თანამშრომლების მეშვეობით მეწარმეებისგან ე.წ. „ატკატებს“ იღებდა (სულ 5 325 943 ლარი). ქრთამის ნაწილი უშუალოდ ლილუაშვილთან მიდიოდა.
გრიგოლ ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. სუსის ყოფილ უფროსს 9 თვიანი პროცესების განმავლობაში სახელმწიფო ბრალდებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე არცერთხელ მიუმართავს.
საქმის პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, განაჩენი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს ეყრდნობა და საქმე გამოირჩეოდა მოწმეთა სიმრავლით, რომელთა ჩვენებებიც ერთმანეთთან და წერილობით მტკიცებულებებთან სრულ თანხვედრაში იყო.
„ხშირად მესმოდა, რომ მთავარი მოწმე რომეო მიქაუტაძე იყო, თუმცა ოთხი ეპიზოდიდან ორზე მას არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა. გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა ბრალეულობა სრულად დაადასტურა.
ბრალდებულისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებულად დაცული იყო - დაცვის მხარეს შეზღუდვა არცერთ ეტაპზე, მათ შორის არც დროის თვალსაზრისით არ ჰქონია. ვინაიდან მსჯავრდებული ბრალს არ აღიარებდა, ბუნებრივია, გვქონდა მოლოდინი, რომ განაჩენს გაასაჩივრებენ. თუ ისინი საპროცესო შეთანხმების სურვილს გამოთქვამენ და დანაშაულს აღიარებენ, ბუნებრივია, ამ საკითხსაც განვიხილავთ“,- განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოციზიას, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, სასამართლომ მიიღო არაობიექტური, უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რომელსაც დაცვის მხარე აუცილებლად გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში.
„დაცვის მხარეს და თავად ბატონ გრიგოლს გამამართლებელი განაჩენის სრული მოლოდინი გვქონდა, რადგან საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაადასტურებდა.
სასამართლო სისტემის პირველმა რგოლმა თავისი ფუნქცია-მოვალეობა ვერ შეასრულა. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო მაინც შეინარჩუნებს სასამართლოს სახეს და გადაწყვეტილებას მხოლოს მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღებს. მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი გრიგოლი 13 წელი ციხეში არ იჯდება და თავის უდანაშაულობას სამართლებრივი გზით ბოლომდე დაამტკიცებს“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს.




