საპროტესტო აქცია პენიტენციურ სამსახურთან
პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად, ამ წუთებში სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან აქცია მიმდინარეობს

პატიმარ გიორგი დავითაძის მხარდასაჭერად, ამ წუთებში სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან აქცია მიმდინარეობს. ოჯახი N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის, შოთა ტრაპაიძის თანამდებობიდან გადაყენებასა და იმ თანამშრომლების დასჯას ითხოვს, რომლებსაც დავითაძე ძალადობაში ადანაშაულებს.
აქციაზე პოლიტიკოსები და სხვა პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილიც მივიდნენ. ისინი ციხეებში შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ. მოქალაქეები სანდრო ეულის ქუჩაზე ბანერებითა და თეთრი ხელთათმანებით მივიდნენ.
„დაუყოვნებლივ უნდა გადააყენონ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარიძე, ვინაიდან მან თავისი განცხადებებითა და დასკვნებით თითქოს უკვე დაასრულა გამოძიება და თქვა, რომ არანაირი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ეს არის პირდაპირი ზეწოლა საგამოძიებო ორგანოებზე, ამიტომ ის უნდა გადადგეს. გამოძიების დასრულებამდე კი თანამდებობიდან უნდა ჩამოაცალონ ციხის უფროსი შოთა ტრაპაიძე და მისი ჯალათები. ასევე, ჩვენ ვერ მიგვაქვს სრული სიმართლე საზოგადოებამდე, ამიტომ ვთხოვთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ პირდაპირი ეთერი დაგვითმოს.“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი დავითაძის მამამ.
მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო და სათვალთვალო კამერის კადრები გაასაჯაროვა, რამაც საზოგადოებაში მეტი კითხვა და ბუნდოვანება გააჩინა. მომხდარის პარალელურად, პატიმარმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო




