სახალხო დამცველი ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძის საქმის გადახედვას ითხოვს
ომბუდსმენის შეფასებით, ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძისთვის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდება უსაფუძვლოა და სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშეა მიღებული

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ნადირაძის ადვოკატის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სააპელაციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით“ მიმართა.
ომბუდსმენის შეფასებით, ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძისთვის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდება უსაფუძვლოა და სამართლებრივი მტკიცებულებების გარეშეა მიღებული.
ადვოკატის განცხადებით, ნადირაძეს პირველი ინსტანციის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რაც მხოლოდ პროკურატურის პოლიტიკურ ინტერპრეტაციას ეყრდნობა.
აბესაძემ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის მუხლით დევნის შეწყვეტისკენ ხელისუფლებას ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის დასკვნაშიც მოუწოდებდნენ. მისივე შეფასებით, გიორგი ბარამიძის დაკავებაც ადასტურებს, რომ ხელისუფლება ოპონენტებისთვის მძიმე ბრალდებების შეთითხნასა და საზოგადოების დაშინებას ცდილობს.




