რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა
ინფორმაციას ადასტურებს პენიტენციური სამსახური.

რუსთავის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. ინფორმაცია "სანდო წყაროს" პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სანდო წყაროს უთხრეს, რომ შეტყობინების საფუძველზე სუიციდის ფაქტთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.
გარდაცვლილი პატიმრის მამიდა ვალიდა გულედანი "TV პირველთან" გამორიცხავს, რომ შემთხვევა სუიციდს უკავშირდებოდეს და მოწამვლაზე მიუთითებს. მისი თქმით, გარდაცვლილს, სავარაუდოდ, ძალადობის კვალიც აქვს.
პარასკევს გასკდა ეს ამბავი, რომ დაღუპულია... იძახიან, თავი მოიკლაო. [...] დილას ყავა დაულევია - ან მოწამლეს. მე არ ვიცი, ექსპერტმა რა დაადგინა. თავს არაფრით არ მოიკლავდა. ძალადობის კვალიც აქვს მგონი, თავში. [...] თქვენ ხომ იცით მაგათი ამბავი, დააშინებდნენ, ან რაღაც მოხდა. ისინი ამტკიცებენ, თავი მოიკლაო. თავი არ უნდა მოეკლა, რატომ მოიკლავდა? 3 წელიწად ნახევარი ციხეში იყო, არ მოუკლავს და ახლა 2-3 თვეში უნდა გამოსულიყო და ახლა მოიკლავდა თავს?
მომხდარ ფაქტზე განცხადება გაავრცელა სპეცილურმა პენიტენციურმა სამსახურმა.
განცხადების მიხედვით , 2026 წლის 2 ოქტომბერს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა.
ასევე ნათქვამია:
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად ეცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული 2023 წლიდან (სასჯელის დასრულების თარიღი – 2028 წელი) იმყოფებოდა მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც სასჯელს იხდიდა 20-კაციან საკანში. გარდაცვალების დღესაც, ვინაიდან შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მისი თანამესაკნეები იმყოფებოდნენ საკანში. პენიტენციური სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან და გამოძიებისთვის უკვე მიწოდებულია საქმესთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი მასალა.


