რუსეთში მოკლეს საქართველოდან 8 დღის წინ ექსტრადირებული პატიმარი
რუსული მედია იუწყება, რომ რუსეთში მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმის დროს მოკლული პატიმარი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული.

რუსული მედია იუწყება, რომ რუსეთში მატარებელში სამართალდამცავებზე თავდასხმის დროს მოკლული პატიმარი მანამდე საქართველოდან იყო ექსტრადირებული. მედიები წერენ, რომ 43 წლის დმიტრი პუშკარევი ყაბარდო-ბალყარეთის ტერიტორიაზე მოძრავ ვლადიკავკავი–ადლერის მატარებელში მოკლეს მას შემდეგ, რაც მან სასჯელაღსრულების სამსახურის ერთი თანამშრომელი მოკლა - სამი კი დაჭრა.
კერძოდ, რუსული უწყებების ვერსიით, დმიტრი პუშკარევი მატარებლით ბადრაგირებისას, საპირფარეშოში გაყვანის დროს თავს დაესხა ერთ-ერთ ბადრაგს, რა დროსაც დაეუფლა მის საშტატო იარაღს - თავდასხმის შედეგად ერთი თანამშრომელი დაიღუპა, კიდევ სამი კი დაიჭრა, საპასუხო სროლისას კი თავად დმიტრი პუშკარევი მოკლეს.
თავდაპირველად რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მატარებელში პატიმრების ამბოხი და მძევლების აყვანა მოხდა. მოგვიანებით, რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა ეს უარყო და განაცხადა, რომ თავდასხმა ერთმა პატიმარმა განახორციელა.
გამოძიება დაიწყო შემდეგი მუხლებით:
- ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლება/გატაცება;
- სასჯელაღსრულების სისტემის საქმიანობის დეზორგანიზაცია;
- სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფა.
ვინ იყო დმიტრი პუშკარევი
რუსული სამართალდამცავი წყაროებისა და გენერალური პროკურატურის მიხედვით, დმიტრი პუშკარევი მოსკოვს ნარკოდანაშაულებთან და ორგანიზებული დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნასთან დაკავშირებულ საქმეზე ჰყავდა ძებნილი.
რუსეთის გენპროკურატურამ 24 სექტემბერს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ საქართველომ ის რუსეთს გადასცა. მასთან ერთად - კორნეი ფედუნოვიც და ორივეს რუსეთში დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნას/მონაწილეობას და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებულ რამდენიმე დანაშაულს ედავებოდნენ.
რუსეთის ვერსიით, დმიტრი პუშკარევი დაკავშირებული იყო მაგადანის ოლქში მოქმედ ნარკოქსელთან. გამოძიება ამტკიცებს, რომ:
- 2023 წელს მან დიდი ოდენობით ნარკოტიკები შეიძინა;
- ისინი მაგადანში გადაიტანეს;
- ნარკოტიკული მცენარეები მოჰყავდათ მოლის ფერმის ტერიტორიაზე;
- პუშკარევი აკონტროლებდა ნარკოტიკების შენახვას;
- მას უკავშირებენ ინტერნეტ-მაღაზიას, რომლის საშუალებითაც ნარკოტიკები იყიდებოდა;
- 2024 წლის იანვარში, რუსეთის გამოძიების მიხედვით, მან თანამზრახველს 1,3 კგ-ზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება გადასცა.
როგორ აღმოჩნდა საქართველოში?
რუსეთის გენპროკურატურის ინფორმაციით, პუშკარევი და ფედუნოვი გამოძიებისგან გაიქცნენ და ისინი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდნენ.
შემდეგ ორივე საქართველოში დააკავეს და რუსეთის მხარემ მათი ექსტრადირება მოითხოვა. საქართველომ მოთხოვნა დააკმაყოფილა.
რუსეთის გენპროკურატურამ 24 სექტემბერს გამოაქვეყნა ვიდეოც, რომელშიც ნაჩვენებია ორი დაკავებულის რუსეთისთვის გადაცემის პროცესი ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურას ამ კონკრეტულ ექსტრადირებაზე განცხადება არ გაუვრცელებია. ინფორმაცია რუსული გენერალური პროკურატურისგან გახდა ცნობილი.


