პატიმარმა გიორგი დავითაძემ შიმშილობა დაიწყო და კლინიკაში გადაყვანაზე უარს აცხადებს - რას ამბობს მსჯავრდებულის დედა
მსჯავრდებულმა, გიორგი დავითაძემ, პროტესტის ნიშნად 3 ცალი მეტალის საგანი გადაყლაპა, შიმშილობა გამოაცხადა და კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს,

რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებში მსჯავრდებულმა, გიორგი დავითაძემ, პროტესტის ნიშნად სამი ცალი მეტალის საგანი გადაყლაპა, შიმშილობა გამოაცხადა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე კატეგორიულ უარს ამბობს. ამის შესახებ ჟურნალისტებთან პატიმრის დედამ, ირმა დავითაძემ განუცხადა.
დედის განმარტებით, მისი შვილის პროტესტი უკავშირდება იმ პატიმრების დეესკალაციის ოთახში გადაყვანას, რომლებმაც მას მხარდაჭერა გამოუცხადეს. ირმა დავითაძის თქმით, მას შემდეგ, რაც გიორგიმ ციხის ბადრაგი მძიმე ქმედებებში დაადანაშაულა, პატიმრებმა სოლიდარობის ნიშნად ე.წ. „შუმოკი“ ატეხეს, რის გამოც ადმინისტრაციამ ისინი დეესკალაციის ოთახში მოათავსა. გიორგი დავითაძე აცხადებს, რომ სამედიცინო დახმარებას მანამ არ მიიღებს და კლინიკაში არ გადავა, ვიდრე აღნიშნულ პატიმრებს თავიანთ საკნებში არ დააბრუნებენ.
ინფორმაცია პატიმრების დეესკალაციის ოთახში გადაყვანისა და გიორგი დავითაძის პროტესტის შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გაავრცელა. ირმა დავითაძის თქმით, გასულ ღამეს ომბუდსმენის წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ცნობით, გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, თუმცა მეტალის საგნების გადაყლაპვის ფონზე, უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები.
ცნობისთვის, პროცესები მას შემდეგ გამწვავდა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე გიორგი დავითაძემ ბადრაგი დეესკალაციის ოთახში შესაძლო გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ამის შემდეგ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ბრალდება უარყო, მას დეზინფორმაცია უწოდა და განაცხადა, რომ მსჯავრდებულის მიმართ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. პენიტენციურმა გაავრცელა კადრებიც. რამდენიმე დღის შემდეგ უწყებამ გავრცელა ინფორმაცია, რომ დავითაძემ თანამშრომლისა და ვიდეოკამერის თვალწინ დემონსტრაციულად გადაყლაპა მცირე ზომის საგანი, რის შემდეგაც სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანაზე უარი განაცხადა.


