ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი მოკლეს
ხილით ვაჭრობიდან მკვლელობამდე- გაგრაში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ოკუპირებულ აფხაზეთში 26 წლის რუსი ტურისტი, ორენბურგის ოლქის მკვიდრი ამინა ბიკბოვა მოკლული იპოვეს. იგი გაგრაში მეგობართან ერთად ისვენებდა და რუსეთში დაბრუნებას 24 სექტემბერს გეგმავდა, თუმცა შვებულების რამდენიმე დღით გაგრძელება გადაწყვიტა, რის შემდეგაც ოჯახთან კონტაქტზე აღარ გამოსულა.
არსებული ინფორმაციით, გოგონამ ადგილობრივი ხილის მოვაჭრე გაიცნო, რომელმაც იგი ყავაზე დაპატიჟა. გამოძიებით დადგინდა, რომ ტურისტი ბოლოს 23 სექტემბრის საღამოს, 25 წლის ედგარ აბუხბასთან ერთად ნახეს, საიდანაც ისინი ტაქსით წავიდნენ.
დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბრალდებული გუდაუთის მკვიდრი დააკავეს. დაკითხვისას აბუხბამ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ სოფელ ფსახარაში, ნაქირავებ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას გოგონა დაგუდა. ამის შემდეგ ბრალდებულმა ცხედარი ბზიფის ხეობაში წაიღო - მას გვამის მდინარეში გადაგდება სურდა, თუმცა ვერ მოახერხა და ნაჭერში დახვეული ცხედარი გზის პირას, ბუჩქნარში დატოვა.
Telegram- არხების ცნობით, 25 წლის ედგარ აბუხბას 2021 წელს მძიმე დანაშაულებისთვის 9 წლით პატიმრობა ჰქონდა მიჯილი, თუმცა მან საპატიმრო დაახლოებით 4.5 წელში დატოვა, რადგან დანაშაულის ჩადენის მომენტში იგი არასრულწლოვანი იყო, რამაც მაშინ სასჯელის შემსუბუქებაზე იმოქმედა.


