ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
გამოძიება გიორგი ბარამიძეს სისხლის სამართლის კოდექსის საბოტაჟის მუხლით ედავება, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის საბოტაჟის მუხლით ედავება, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმე ეხება ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართულ ძალებს ტყვეები არ აჰყავდათ და ადგილზე ხვრეტდნენ“.
საგამოძიებო უწყების განცხადებით, ბარამიძის გამონათქვამმა შელახა ჯარის, ვეტერანებისა და დაღუპული მებრძოლების პატივი და ღირსება. ამასთან, საფრთხე შეუქმნა ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესს, დააზიანა დეოკუპაციის პოლიტიკა და ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებების, მათ შორის შერიგების აპარატის, ნორმალურ ფუნქციონირებას.
Სასამართლო დარბაზში აღნიშნულს გამოეხმაურა პოლიტიკოსი, ბარამიძე ბრალს არ აღიარებს და პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მან განმარტა, რომ საუბრობდა არა რეგულარულ ჯარზე, არამედ გამწარებულ მშვიდობიან მოსახლეობაზე. მისი თქმით, სიტყვა „ხვრეტდნენ“ უბრალოდ „ცხრილვისა და სროლის“ სინონიმად გამოიყენა, რაც აღქმის თვალსაზრისით შეცდომა იყო, რის გამოც საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ თავად ხელმძღვანელობდა ტყვეების გაცვლის კომისიას და 200-მდე ტყვე ჰყავთ გაცვლილი.
ადვოკატის თქმით, პატიმრობის შეფარდება უკანონო პოლიტიკური დაკვეთაა. მან აღნიშნა, რომ სატელევიზიო განცხადება სამართლებრივად საბოტაჟის შემადგენლობას ვერ იძლევა, რადგან არცერთ სახელმწიფო ორგანოს საქმიანობაში ხელი არ შეშლია.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებას გეგმავს.




