მოსწავლეს, რომელიც სკოლის დარბევასა და ძალადობრივ ქმედებას გეგმავდა პატიმრობა შეუფარდეს
15 წლის ბიჭი დუმილის უფლებას იყენებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებული მოსწავლის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა. ბრალდების მხარემ პატიმრობა მოითხოვა, ადვოკატმა კი მისი 5 000-ლარიანი გირაოსა და მშობლის მეთვალყურეობის სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მოზარდს პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატ გია დარჩიას განცხადებით
„მოზარდი დუმილის უფლებას იყენებს, რაიმე რეპლიკით არ უსარგებლია და შოკურ მდგომარეობაშია. წარმოიდგინეთ, მანამდე მას არასდროს ჰქონია პრობლემა კანონთან. ორივე მოზარდის საქმე გაერთიანებულია, უბრალოდ მათი დაკავება სხვადასხვა დღეს მოხდა. წინასასამართლო სხდომა ერთად ჩატარდება“.
ინფორმაცია მოზარდების დაკავების თაობაზე ორი დღის წინ „სანდო წყარომ“ გაავრცელა. ერთ-ერთი მოზარდის, ს. ტ.-ს მამა ჩვენთან საუბრის დროს ამბობდა, რომ საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სასტარტო იარაღი, ტყვიები, ხელთათმანები, დანა და სხვა ნივთები. ჩვენი ინფორმაციით, ანალოგიური ჩამონათვალია მეორე მოზარდის შემთხვევაშიც.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულებმა განიზრახეს სკოლაზე თავდასხმა, შიდა ტერიტორიის დარბევა, სკოლის წინ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟება და იარაღის გამოყენებით სკოლაში მყოფი პირებისთვის ჯანმრთელობის დაზიანებების მიყენება.




