მოქალაქეებმა ექიმისთვის საპატიმრო 50 000-ლარიანი გირაო 1 საათში ააგროვეს
მაია კოხტაშვილმა პატიმრობა დატოვა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ნევროლოგ მაია კოხტაშვილს, რომელსაც სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ყალბი რეცეპტის გაცემაში ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
მოქალაქეებმა ექიმისთვის საპატიმრო გირაო არასრულ 1 საათში ააგროვეს.
მოსამართლე მარინე ცერცვაძის გადაწყვეტილებით, ექიმს ასევე აეკრძალა საზღვრის გადაკვეთა და დაევალა ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადება.ა. გამოძიება სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის უკანონოდ დამზადება-გაცემას გულისხმობს. მუხლი 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
კოხტაშვილმა სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ რეცეპტი ასაკოვანი ქალის შეცოდების გამო გამოწერა.
Სოგორც სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენელი აცხადებს, ბრალდებული იგივე ქმედებისთვის 2023 წელსაც იყო ნასამართლევი. პროკურორის თქმით, კოხტაშვილი პაციენტების მიერ გადახდილი თანხიდან პროცენტს იღებდა, თუმცა მუხლი მატერიალური სარგებლის არსებობას არც მოითხოვს. ბრალდების მხარემ გამორიცხა აგენტ-პროვოკატორის არსებობა და აღნიშნა, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლოს განჩინებით ჩატარდა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული, საქმეს ახალი ეპიზოდები და ბრალდებულები დაემატოს.




