კვლევა, ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით
გამოკითეს აქციებში მონაწილე 523 ადამიანი

ვარშავაში, ეუთოს ადამიანური განზომილების კონფერენციაზე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით კვლევა წარადგინეს.
გამოკითეს აქციებში მონაწილე 523 ადამიანი. მონაცემები 2026 წლის თებერვალსა და მარტში შეგროვდა.რესპონდენტები ჯაჭვური შერჩევის პრინციპით შეირჩნენ.
გამოკითხვა ღია და დახურულ შეკითხვებს აერთიანებდა.
კვლევის ავტორებმა მონაწილეებს სთხოვეს, გაეხსენებინათ აქციებზე ქიმიური გამაღიზიანებლების, წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის ზემოქმედება და მათთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სიმპტომები.
მხოლოდ რესპონდენტების ნაწილს ჰქონდა ლაბორატორიული პასუხები ან ოფიციალური სამედიცინო დოკუმენტაცია.
ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ კვლევა ვერ ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს კონკრეტულ ნივთიერებასა და ჯანმრთელობის კონკრეტულ შედეგს შორის, რადგან არ არსებობდა საკონტროლო ჯგუფი, არ ჩატარებულა გამოყენებული ნივთიერებების დამოუკიდებელი ქიმიური ანალიზი და ვერ განისაზღვრა ზემოქმედების ზუსტი დოზა.
კვლევის ავტორები არიან: ჯეიმს ლინი, ჯოსინა ბოთე, გიორგი კამკამიძე, ბაია პატარაია და ლელა ცისკარიშვილი.
გამოკითხულთა 65.2% (341 ადამიანი) აცხადებდა, რომ აქციებს ყოველდღე ესწრებოდა. ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა 29-30 ნოემბრის ღამეს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 85.6%-მა (448 ადამიანმა) განაცხადა, რომ ზემოქმედების შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მინიმუმ ერთი სიმპტომი მაინც განუვითარდა.

გამოკითხულთა 33.7%-მა (176 ადამიანმა) განაცხადა, რომ მინიმუმ ერთი სიმპტომი 12 თვეზე მეტი ხნის შემდეგაც აღენიშნებათ.

233-ზე მეტმა რესპონდენტმა დეტალურად აღწერა, როგორ შეიცვალა მათი ყოველდღიურობა.
მათი მონათხრობის მიხედვით, ადამიანები კარგავდნენ პროდუქტიულობას, უჭირდათ კონცენტრაცია.
ზოგმა მათგანმა დაკარგა სამსახური ან ვერ მოახერხა სწავლის გაგრძელება. გამოკითხულთა შორის იყვნენ ისინი, ვის კარიერასაც ზიანი მიადგა: მაგალითად, სომელიემ დაკარგა ყნოსვის უნარი, მთარგმნელებმა და იურისტებმა ვერ შეძლეს მუშაობის ძველი ტემპის შენარჩუნება, ხოლო პედაგოგებს ხმის პრობლემები შეექმნათ.
დაფიქსირდა პოსტტრავმული სტრესული სინდრომის, მძიმე დეპრესიისა და პანიკური შეტევების შემთხვევები. რესპონდენტების ნაწილი აღნიშნავდა, რომ გაზის სუნი, ხალხმრავლობა ან მეტროში ჩასვლა მათში მწვავე შფოთვას იწვევდა.
კვლევის მიხედვით, სიმპტომების მქონე 448 ადამიანიდან მხოლოდ 149-მა მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.
ლაბორატორიული კვლევის შედეგი ჰქონდა მხოლოდ 63 ადამიანს .
ოფიციალური სამედიცინო ცნობა (ფორმა 100) აიღო მხოლოდ 53-მა ადამიანმა.
მონაცემების მიხედვით:
- ფიზიკური ძალადობა/არასათანადო მოპყრობა: დააფიქსირა გამოკითხულთა 39.4%-მა (206 ადამიანმა).
- გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა: შეეხო 56.2%-ს (294 ადამიანს).
- ადმინისტრაციული ჯარიმები: დაეკისრა 26.2%-ს (137 ადამიანს).
- დაკავება: შეეხო 9.9%-ს (52 ადამიანს).
კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ შერჩევა არ ყოფილა შემთხვევითი და შესაძლოა, კვლევაში უფრო მეტად მოხვედრილიყვნენ ადამიანები, რომლებიც ზემოქმედებისგან მეტად დაზარალდნენ ან საკუთარი გამოცდილების გაზიარების მეტი მოტივაცია ჰქონდათ, ამიტომ მიღებული მაჩვენებლები ყველა აქციის მონაწილეზე ვერ განზოგადდება.
კვლევის ავტორების მიხედვით, ვერ ხდება დადგენა პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირის კონკრეტულ ნივთიერებასა და ჯანმრთელობის შედეგს შორის, რადგან არ არსებობდა საკონტროლო ჯგუფი, არ ჩატარებულა გამოყენებული ნივთიერებების დამოუკიდებელი ქიმიური ანალიზი და ვერ განისაზღვრა ექსპოზიციის ზუსტი დოზა.
დასკვნის მიხედვით, აქციებზე გამოყენებული სპეციალური საშუალებების ეფექტი არ არის „ხანმოკლე ან დროებითი“.
ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია დამოუკიდებელი კლინიკური, ფორენსიკული და ტოქსიკოლოგიური გამოძიების ჩატარება იმის დასადგენად, თუ რეალურად რა ნივთიერებები გამოიყენეს მოქალაქეების წინააღმდეგ და რამდენად შეესაბამებოდა ეს ქმედებები პროპორციულობისა და კანონიერების საერთაშორისო სტანდარტებს.


