ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილის წინა სასამართლო სხდომა გაიმართება
უცნობია, მივა თუ არა ყოფილი პრემიერი სასამართლო სხდომაზე

ხვალ 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის წინა სასამართლო სხდომა გაიმართება.
გამოძიება, ყოფილ პრემიერს დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და კორუფციას ედავება. ამ საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალდება 24 აგვისტოს წარუდგინა.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, 2021-2024 წლებში, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, მან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამი აიღო.
გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურის საიდუმლო შესყიდვებისას შეიქმნა არაკონკურენტული გარემო. შედეგად, 11,5 მილიონი ლარის ღირებულების ინვენტარი ხელოვნურად გაზრდილი ფასით - 18,5 მილიონ ლარად შეისყიდეს, ხოლო სახელმწიფოს 6,9 მილიონ ლარზე მეტი ქონებრივი ზიანი მიადგა.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მფარველობისა და გარანტირებული გამარჯვების სანაცვლოდ, ბიზნესმენმა ქრთამის სახით 1.9 მილიონი ლარი გადაიხადა, საიდანაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ირაკლი ღარიბაშვილს 750,000 ლარი გადასცა. საქმეზე გამოძიებასთან ითანამშრომლეს ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა ვასილ მხეიძემ, რის შემდეგაც მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.
ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით წარედგინა, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.




