ხაშურში მომხდარი მკვლელობის საქმე - წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება
ხაშურში, ტაბიძის სკვერთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს, 16:00 საათზე გორის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

ხაშურში, ტაბიძის სკვერთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს, 16:00 საათზე გორის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართება.
საქმე ეხება 14 ივნისს მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც კომპანია „ბილტმორის“ ორი თანამშრომელი - დავით გოგიჩაიშვილი და შალვა ენდელაძე მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა მხარეებს შორის არსებული დაპირისპირება, რომელიც ქვიშა-ხრეშის კარიერს უკავშირდებოდა.
ამ საქმეზე ორი ადამიანია დაკავებული, ძმები - ნიკოლოზ და ალექსანდრე კოლაბერიძეები. ნიკოლოზ კილაბერიძეს ბრალი ორი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ედება, ხოლო მისი ძმა, ალექსანდრე კილაბერიძე, საქმეში დანაშაულის ჩადენაში ხელშეწყობის ეპიზოდით ფიგურირებს.
მოპოვებულ საქმის მასალებში ვკითხულობთ, რომ შემთხვევის დღეს ნიკოლოზ კილაბერიძე კომპანია „ბილტმორის“ წარმომადგენლებს შეხვდა. ბრალდების დადგენილებაში აღწერილია, რომ შეხვედრისას მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც კილაბერიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით შალვა ენდელაძე და დავით გოგიჩაიშვილი მოკლა.
შემთხვევის შემდეგ ნიკოლოზ კილაბერიძე დააკავეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
რაც შეეხება ალექსანდრე კოლაბერიძეს - ბრალის დადგენილების მიხედვით, ნიკოლოზ კილაბერიძის ძმას, ალექსანდრე კილაბერიძეს, ორი ადამიანის მკვლელობის უშუალო ჩადენა არ ედება ბრალად. გამოძიების ვერსიით, იგი ძმის მიერ მკვლელობის ჩადენას ხელს უწყობდა. მის მიმართ ასევე ცალკე არის წარდგენილი ბრალდება ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალასთან დაკავშირებულ ეპიზოდზე - დადგენილების მეორე ნაწილში ცალკე არის აღწერილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა/შენახვის ეპიზოდი.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეთა პოზიციები და სასამართლოს შემდგომი განხილვის საკითხები უნდა გამოიკვეთოს. დაზარალებული ოჯახები დაკავებულებისთვის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვენ.


