"კაწროსა" და კატო ყიფიანის დაკავების ახალი დეტალები
ორივე პირი შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში დააკავა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი („კაწრო“) დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
„სანდო წყარო“ ადვოკატ მარიკა ფხალაძეს ესაუბრა, რომელიც წლების განმავლობაში ვატო ყიფიანის ინტერესებს იცავდა. იურისტი ამბობს, რომ მას ვატო ყიფიანმა რამდენიმე საათის წინ დაურეკა და ესაუბრა; კრიმინალური ავტორიტეტი იმ მომენტში თბილისში არ იმყოფებოდა. ადვოკატის განცხადებით, ყიფიანის დაკავების შესახებ ჟურნალისტებისგან შეიტყო - მისთვის არ დაურეკავს არც ყიფიანის ოჯახს და არც თავად დაკავებულს, შესაბამისად, დეტალები მისთვის უცნობია.
კითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდა ყიფიანს ასევე დაკავებულ ავთანდილ ბილანიშვილთან და ხომ არ მომხდარა რაიმე კონფლიქტი მათი მონაწილებით, ადვოკატმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მან დაადასტურა, რომ ბოლო პერიოდში ვატო ყიფიანის შესახებ ხშირად კეთდებოდა სიუჟეტები მის გავლენებსა და ბერა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობაზე. ადვოკატის თქმით, ყიფიანი ამ თემებზე მასთან საუბრობდა, მაგრამ რაიმე კონფლიქტსა თუ პრობლემაზე მმართველი გუნდის წევრებთან ან/და ბერა ივანიშვილთან, არასდროს მიუნიშნებია.
ამ დროისთვის ასევე უცნობია, ვინ იცავს ბერა ივანიშვილის გარემოცვის ყოფილ წევრ ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე „კაწროს“. მის ინტერესებს არაერთ საქმეზე თამარ აბესაძე წარმოადგენდა, რომელიც ასევე აცხადებს, რომ მასთან კომუნიკაცია ჯერ არ ყოფილა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.




