ქალთა მოძრაობის საგანგებო განცხადება
ქალთა მოძრაობა სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს 20 წლის ფეხბურთელ ქალს

„ქალთა მოძრაობა“ „ნიკე ლუსოსა“ და ლანჩხუთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს და კონრეტულ მოთოვნეს ასახელებს.
ქალთა მოძრაობა სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს 20 წლის ფეხბურთელ ქალს, რომელმაც სექსუალური ძალადობის შესახებ განაცხადა და უკვე თვეებია მძიმე სამართლებრივ და ემოციურ პროცესს გადის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნიკე ლუსოს“ ყოფილ მფლობელსა და პრეზიდენტს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა, თუმცა საქმეზე სამართლებრივი დავა გრძელდება.
ეს შემთხვევა მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს სცდება. ის აჩენს კითხვებს იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ქალებისთვის პროფესიული სპორტის სივრცე, რამდენად ეფექტიანად რეაგირებენ ინსტიტუციები სექსუალური ძალადობისა და შევიწროების შემთხვევებზე და რამდენად დაცულია დაზარალებული ქალი ზეწოლის, ანგარიშსწორებისა და დამატებითი ტრავმირებისგან.
დაზარალებულის ადვოკატის ინფორმაციით, კლუბს სექსუალური შევიწროებისგან დაცვის მექანიზმი არ ჰქონდა და შესაბამისი დოკუმენტი მხოლოდ სახალხო დამცველისთვის მიმართვისა და მისი ჩართულობის შემდეგ შეიქმნა. ამავე კლუბში კამერები კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო განთავსებული ოთახში, რომელსაც ქალი ფეხბურთელები გასახდელად იყენებდნენ. ადვოკატის ინფორმაციითვე, მიმდინარე სამართლებრივი დავის გამო დაზარალებული „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელის მხრიდან მოედანზეც გახდა შეურაცხყოფის ადრესატი.
დღეს „ლანჩხუთის“ ქალმა ფეხბურთელებმა „ნიკე ლუსოსთან“ მატჩი პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს.
მათი გადაწყვეტილება, არ გაეგრძელებინათ თამაში ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, იყო მნიშვნელოვანი სოლიდარობის აქტი ძალადობაგამოვლილი კოლეგა ქალის მიმართ და მკაფიო პოზიცია ძალადობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ. „ლანჩხუთის“ ფეხბურთელების ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც ძალადობაგამოვლილ ქალებს ხშირად უწევთ ბრძოლა არა მხოლოდ ძალადობის შედეგებთან, არამედ ინსტიტუციურ დუმილთან, ზეწოლასთან და უნდობლობასთანაც.
ქალთა მოძრაობა, ძალადობაგამოვლილ ფეხბურთელთან ერთად, სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებს. მათი პროტესტი უნდა გახდეს მიზეზი, პასუხისმგებელმა ინსტიტუციებმა საჯაროდ უპასუხონ არსებულ კითხვებს და უზრუნველყონ ქალი ფეხბურთელების უსაფრთხოება.


