ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა
შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა.

სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო თავად ირაკლი ღრიბაშილიც.
რა თქმა უნდა, ამ შუამდგომლობას ვეწინააღმდეგები. მინდა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს
აღნიშნულ შუამდგომლობას კატეგორიულად არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეც თავდაცვის სამინისტროს და საიდუმლო შესყიდვებს ეხებოდა, თუმცა ის არ დახურულა.
ადვოკატის თქმით, იმისათვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, სხდომა არ უნდა დაიხუროს.
ბრალდების მხარე ამბობს, რომ საქმე თავდაცვის სამინისტროსთანაა დაკავშირებული, სხდომაზე კი, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები დაიკითხებიან, სადაც შესაძლოა, პროფესიული და სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლოებები გაჟღერდეს.
სასამართლო სხდომას ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.




