ირაკლი ღარიბაშვილის პროცესზე დასასწრებად ექს-პრემიერის ბიძა მივიდა
ზურაბ გონაშვილმა, იგივე "კაკაშამ" სასამართლოში შესვლამდე მედიის შეკითხვებს არ უპასუხა

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება.
ადვოკატის ინფორმაციით, სხდომას ღარიბაშვილი დაესწრება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.




