ელენე ხოშტარია ეტლის გარეშე კლინიკაში ვერ შევიდა- ექსკლუზიური კადრები
პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია თოდუას კლინიკაში იმყოფება. მისი ეტაპირების ექსკლუზიური კადრები „სანდო წყარომ“ გადაიღო

კადრებში ჩანს, რომ პოლიტიკოსი დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს და მას ეტლი ესაჭიროება. ის კლინიკაში ეტლით შეიყვანეს და მან სპეციალური ლიფტით ისარგებლა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად გადაიყვანეს ის კლინიკაში.
პენიტენციურმა სამსახურმა “სანდო წყაროს” განუცხადა, რომ ელენე ხოშტარიას “თოდუას” კლინიკაში გეგმიური გამოკვლევა უტარდება, რომელიც მისივე ექიმის მიერ არის დანიშნული.
მისი გადაყვანა ქალთა პენიტენციური დაწესებულებიდან დილის 08:50 საათზე მოხდა.
„სანდო წყაროსთან“ მცირე კომენტარში ხოშტარიამ განაცხადა, რომ ბრძოლას ბოლომდე აპირებს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ადვოკატები და ინტერესების დამცველები თვეების წინ საუბრობდნენ, თუმცა თავად ხოშტარია საპატიმროდან გამოგზავნილ წერილებში ამ თემაზე აქცენტს არასდროს აკეთებდა.
უფლებადამცველების თქმით, საპატიმროში ვერ ხერხდება მისი ჯანმრთელობის პრობლემების სრულყოფილი მართვა, რაც დაკავებამდე შესაძლებელი იყო.
ელენე ხოშტარია ერთ წელზე მეტია საპატიმროში იმყოფება. პოლიტიკოსი ქალი კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო დააკავეს.




