"ძალადობის მტკიცებულება ვერ ვნახეთ" - ომბუდსმენი გაუპატიურების შესახებ პატიმრის განცხადეაზე
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმაურება პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დღეს, 2 ოქტომბერს, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტმა საკითხი დეტალურად შეისწავლა, რის შემდეგაც, "არასათანადო მოპყროის ან ძალადოის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება - ვერ ნახეს".
ამასთან, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პატიმრის ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა.
"ეს საკითხი ჩვენს მიერ დეტალურად იქნა შესწავლილი, მათ შორის, მოვითხოვეთ დაარქივებული მასალებიც და ვნახეთ ვიდეო ჩანაწერები. ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ. რაც შეეხება, ის ასევე უთითებდა სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ამასთან დაკავშირებით მივმართეთ პროკურატურას და პროკურატურამ დაიწყო გამოძიება. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით"
დღეს, 2 ოქტომბერს "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 36 წლის კაცი სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს, ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებაში არ არის მიცემული.
გიორგი დავითაძე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია. პატიმარი დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის ორ ეპიზოდზე საუბრობს, ასევე ამბობს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ციხეში სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.
მოგვიანებით, მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და გაუპატიურების ფაქტი კატეგორიულად უარყო.


