დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა- ფემიციდი ფოთში
დაკავებული ზაზა კარბაიას აღკვეთის ღონისძიება დღეს გაიამრთა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს, ზაზა კარბაიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებული დაეთანხმა პროკურატურის მოთხოვნას საპატიმრო ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, თუმცა თავად სხდომაზე ფემიციდის შემზარავ დეტალებზე არ უსაუბრია.
შემთხვევა ფოთში, ინგოროყვას ქუჩაზე, ორი დღის წინ, გვიან ღამით მოხდა. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა და დეტალებიც აღწერა.
„სანდო წყარო“ ბრალდებულის ინტერესების დამცველს, ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს საზოგადოებრივ ადვოკატს, მარინა შენგელიას ესაუბრა. ვინაიდან საქმე მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება, მამაკაცს სავალდებულო წესით დაენიშნა სახელმწიფო ადვოკატი.
მარინა შენგელიას განცხადებით, ბრალდებული ამჟამად მძიმე შოკურ მდგომარეობაში იმყოფება. ინტერესების დამცველის თქმით, წყვილს 30-წლიანი თანაცხოვრების ისტორია, 4 შვილი და 5 შვილიშვილი აკავშირებდა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ მას დაცვის ტაქტიკიდან გამომდინარე გარკვეული სამართლებრივი შუამდგომლობების დაყენება სურდა, თუმცა თავად დაკავებულმა მამაკაცმა მოითხოვა ბრალდების შუამდგომლობის დაკმაყოფილება. ადვოკატი საქმის სხვა დეტალებზე ვერ საუბრობს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შემდეგ, კაცმა 47 წლის ცოლი ბალიშით გაგუდა. კვალის არევისა და ფაქტის ინსცენირების მიზნით, მან სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა. თუმცა, მოგვიანებით, მამაკაცმა გადაწყვეტილება შეცვალა და დანაშაულის შესახებ პოლიციასა და საგანგებო სამსახურს თავად შეატყობინა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
პროკურატურამ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კარბაიას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელის.




