"ბადრაგმა გამაუპატიურა"- პატიმრის ჩვენება სასამართლოში
პენიტენციური პასუხობს პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელმაც ბადრაგი გაუპატიურებაში დაადანაშაულა

პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ჩვენება 36 წლის კაცმა სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მისცა. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს. საუბარია მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ბინადარ გიორგი დავითაძეზე, რომელიც მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.
პატიმრის თანახმად, უმძიმეს დანაშაულს 10-მდე თანამონაწილე ჰყავს, ისინიც ციხის ბადრაგები არიან. კაცის თქმით, არცერთი ბადრაგი ამ დრომდე პასუხისგებაში არ არის მიცემული.
გიორგი დავითაძე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის, ავთანდილ დავითაძის შვილია. პატიმარი დეესკალაციის ოთახში ჩაყვანის ორ ეპიზოდზე საუბრობს, ასევე ამბობს, რომ მასზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ციხეში სუიციდის მცდელობაც ჰქონდა.
მსჯავრდებული ამბობს, რომ არსებობს უმძიმესი დანაშაულის ამსახველი კადრებიც, რომელიც მისი თქმით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმაც ნახა, როდესაც მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში მასთან შესახვედრად იმყოფებოდა.
“ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს, თითით, ხელით. ვამბობ აქედან, ოჯახის თანდასწრებით. ბატონო მოსამართლე, ჩანს, როგორ აკეთებს ამ მოძრაობას ჩემს საჯდომთან. ამ დროს მატყუებს, რომ თითქოს შარვალი აქვს ჩახდილი, მაგრამ თითი აქვს შეყოფილი. ამაზე მეტი კაცს რა უნდა გაგიკეთონ. გამაუპატიურეს 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში. კამერების ქვეშ აკეთებენ ყველაფერს, ისე დგანან, რომ არ გამოჩდნენ, მაგრამ ვერ ფარავენ მაინც. ექსპერტიზების მოთხოვნის შემდეგ, ჩემზე იცით როგორი ძალადობა დაიწყო, ვერ წარმოგიდგენიათ. კაცს ვუყვები გამაუპატიურეს თქო კამერაში, ადვოკატმა გამოაგზავნა, სუიციდის მცდელობაც მქონდა თქო, თავს ხრის სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, პირში მეუბნება, დააპაუზეთ კადრებიო, როგორ იძახის, ხმა არისო, რატომ არ ირთვება დეესკალაციაში ხმა, "მოტყ...ლს", "ქათამს", "დღეიდან ნახმარი ხარ", რომ მეძახიან. სუიციდის მცდელობა მქონდა იმიტომ, რომ როგორია ისევ იმ ბადრაგებს უყურო, რომლებმაც გაგაუპატიურეს. პროცესის მერე კი კიდევ ერთხელ ჩამიყვანეს კვარაცხელიას საჩივრის მერე, ერთ-ერთი ბადრაგი მოდის რეზინის ხელთათმანით, რომლითაც იხმარა”
“ტვ პირველის” თქმით, სკანდალური ჩვენების შემდეგ მსჯავრდებულმა მოსამართლეებს უთხრა, რომ დაიწყებს შიმშილობას, თუ შესაბამისი ბადრაგები პასუხისგებაში არ იქნებიან მიცემულები. მოსამართლეებმა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს მიმართეს და ჰკითხეს, დაწყებულია თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. პროკურატურამ მოსამართლეებს დაუდასტურა, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და გაუპატიურების ფაქტი კატეგორიულად უარყო.
“სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას. ეს არის სრული სიცრუე და დავითაძეების ოჯახის მიერ დაწყებული პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის გაგრძელება. აქვე აღვნიშნავთ, რომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მზად ვართ, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, გავასაჯაროოთ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები, რათა საზოგადოებას თავად მიეცეს შესაძლებლობა, იხილოს დეესკალაციის ოთახში მსჯავრდებულ დავითაძის მოთავსების და იქ ყოფნის პერიოდის ამსახველი კადრები.”
ამავე განცხადების მიხედვით, დავითაძის მიერ მითითებული ვიდეოჩანაწერი დათვალიერებულია როგორც გამოძიების, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლის მიერ და დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა.


