“არა პატიმრის წამებას!” - 12 საათზე აქცია პენიტენციურ სამსახურთან გაიმართება
შეკრება სანდრო ეულის ქუჩაზე პატიმრის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გუშინ დაანონსეს

პენიტენციურ სამსახურთან მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები ამ წუთებში შეკრებას იწყებენ. დაანონსებული აქცია 12 საათზე უნდა დაიწყოს. პატიმრის ოჯახის მთავარი მოთხოვნა გამოძიების დასრულებამდე N6 პენიტენციური დაწესებულების უფროსის უფლებამოსილების შეჩერებაა. ასევე, ოჯახი ითხოვს იმ ბადრაგის სამსახურიდან დათხოვნას, რომელმაც, გიორგი დავითაძის თქმით, მასზე ძალა იხმარა და თითით გააუპატიურა.
ცნობისთვის, გიორგი დავითაძემ სასამართლო სხდომაზე ციხის თანამშრომლები ძალადობასა და არასათანადო მოპყრობაში დაადანაშაულა, პენიტენციურმა დაწესებულებამ კი ფაქტი გამორიცხა და სათვალთვალო კამერის კადრები გაასაჯაროვა. თუმცა ვიდეომ საქმეში მეტი ბუნდოვანება შეიტანა და დღის წესრიგში კადრების სრული ვერსიის ხმით გასაჯაროების მოთხოვნა დადგა.
სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა ორი დღის წინ, როდესაც უწყებამ განაცხადა, რომ დავითაძემ უცნობი საგანი გადაყლაპა და კლინიკაში გადასვლაზე უარი განაცხადა, პარალელურად კი მან შიმშილობა დაიწყო. დედის განმარტებით, პროტესტი იმ პატიმრების დეესკალაციის ოთახში გადაყვანას უკავშირდება, რომლებმაც შვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. ამ ფაქტსაც პენიტენციური სამსახური უარყოფს და ამბობს, რომ პატიმრები დეესკალაციის ოთახში თანამშრომლებზე თავდასხმის გამო გადაიყვანეს.


