33 წელი სოხუმის დაცემიდან
უგზო-უკვლოდ დაკარგული ცხოვრება

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს, რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილოეთ კავკასიელი კონფედერანტებისა და დაქირავებული ბოევიკების აქტიური მხარდაჭერით, აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა სოხუმი აიღეს. აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და სულ 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ამ ომს 10 000-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
წლების განმავლობაში ქართულმა და საერთაშორისო მედიამ არაერთ თვითმხილველთან ჩაწერა ინტერვიუ, რომლებიც 13-თვიანი ომის ამსახველ საზარელ ფაქტებს იხსენებდნენ.
„20 წლის იყო ტარიელი, 23 წლის იყო ამირანი. ორივე აფხაზეთის ომში მომიკლეს. ტარიელი 1993 წლის 18 სექტემბერს სნაიპერს მოუკლავს. მისი ცხედარი თანამებრძოლებს უნახავთ. ორ დღეში ამირანიც მომიკლეს, მაგრამ ვერც მკვდარი ვიპოვეთ, ვერც ცოცხალი. დღემდე დაკარგულად ითვლება. შვილმკვდარ დედებს ვეუბნები ხოლმე, ნეტავ თქვენს ადგილას ვიყო, შვილის საფლავზე მაინც გადიხართ, მე კი ჩემი შვილების საფლავიც არ მაქვს-მეთქი“.
„ხუთი თვის ბავშვი მეწვინა ხელებში, საკუთარი სახლი რომ დავტოვე ოჩამჩირეში. სახლი ჩავკეტე და გასაღები თან წავიღე. დარწმუნებული ვიყავი, რომ უკან დაბრუნდებოდი. ორსართულიანი სახლი მქონდა აფხაზეთში, სადაც მთელი ბავშვობა გავატარე, მერე კი ოთხსულიანი ოჯახი ერთ ოთახში აღმოვჩნდით. არასდროს ყოფილა აფხაზეთი ჩემთვის მხოლოდ დაკარგული მიწა - ეს იყო დაკარგული ცხოვრება“.
„მე იმ გემის მგზავრი ვიყავი, რომელმაც სოხუმი იმ ავბედით დღეს დატოვა. გამიმართლა-თქო, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ გამიმართლა. თან გვბომბავდნენ და თან ისე გამოვდიოდით სოხუმიდან“.
1993 წლის 27 სექტემბერს, გამთენიისას, სოხუმი იმ უკანასკნელმა გემმა დატოვა, რომელზეც ქართველები ისხდნენ. მიმართულება ფოთის ნავსადგური. ეს იყო დაქირავებული უკრაინული სატვირთო გემი და რამდენიმე ბარჟა, რომელთაც დაჭრილები და დევნილად ქცეული მოქალაქეები კონფლიქტის ზონიდან უნდა გამოეყვანათ. ქალაქი ალყაში იყო მოქცეული, პორტი ბლოკადის ქვეშ. რუსეთისა და სეპარატისტული ძალების შენაერთებმა მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ცეცხლი გახსნეს. სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია საზღვაო გზით, მოსახლეობის ნაწილი კი იძულებული გახდა, ჭუბერის უღელტეხილით გადმოსულიყო.
აფხაზეთი 250 ათასმა ეთნიკურად ქართველმა იძულებით დატოვა. გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ეთნიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქეების გაძევებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
1993 წლის 19 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭომ გამოსცა რეზოლუცია, სადაც პირველად ჩაიწერა ტერმინი „ეთნიკური წმენდა“ აფხაზეთის ომთან დაკავშირებით. მას შემდეგ ეუთოს, სტრასბურგის სასამართლოსა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს არაერთ დოკუმენტში დაფიქსირდა, რომ აფხაზეთის ომში ქართველები ეთნიკური წმენდის სამიზნედ იქცნენ. აღირიცხა სამხედრო დანაშაულის ასობით ფაქტი, როგორიცაა მკვლელობები, წამება და გაუპატიურება, მათ შორის არასრულწლოვნების.
2026 წლის 4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო მორიგი რეზოლუცია „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებებს და მოუწოდებს, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დევნილები დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ. რეზოლუციაში ხაზგასმულია მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობა. ამ რეზოლუციას ხმა არ მისცა რუსეთის ფედერაციამ, ბელარუსმა, კუბამ და აფრიკის რამდენიმე სახელმწიფომ. ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს ბრაზილიის, ინდოეთის, ისრაელის, სალვადორის, სერბეთის, ეგვიპტისა და რამდენიმე არაბული სახელმწიფოს წარმომადგენლებმა. რეზოლუციის მთავარი ინიციატორი საქართველო იყო, თანასპონსორ დასავლურ და პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად.


