სპეციალური პენიტენციური სამსახური - გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში არ იმყოფება
უწყებამ ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ ტყუბი ძმა საკანში იმყოფება

სპეციალური პენიტენციური სამსახურმა განცხადებაში დაადასტურა, რომ 20 ოქტომბერს გიორგი ფეიქრიშვილი გადაყვანილი იყო №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია
ბრალდებული გიორგი ფეიქრიშვილი ამჟამად №8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება არა დეესკალაციის ოთახში, არამედ საკანში. აქვე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს, 20:25 საათზე, ბრალდებული სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით დეესკალაციის ოთახიდან გადაყვანილ იქნა №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია – დაუმუშავდა თვითდაზიანების მიყენების შედეგად არსებული ჭრილობა ხელზე (გაჭრილი ჰქონდა კანი და კუნთოვანი ქსოვილი). ამის შემდეგ ბრალდებული დაბრუნდა №8 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში (მისივე უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე), სადაც იმყოფებოდა დღემდე, 22 ოქტომბრამდე. დღეს კი, 15:30 საათზე გიორგი ფეიქრიშვილი გადაყვანილ იქნა №8 პენიტენციური დაწესებულების საკანში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გიორგი ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეთალყურეობის ქვეშაა.
იგი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ადვოკატის მიერ ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს იგი პენიტენციურ დაწესებულებაში სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.




-1.webp&w=1920&q=75)