სკოლაში არასრულწლოვნებზე ძალადობის მომზადების ბრალდებით 14 წლის ორი მოზარდი დააკავეს
დაკავებულები თბილისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან

თბილისში, სკოლაში არასრულწლოვნებზე ძალადობისა და სკოლებზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით 14 წლის მოზარდები დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან.
“სანდო წყაროს” ინფორმაციით ისინი ერთმანეთს ვიდეოზარით ეკონტაქტებოდნენ, ასევე კომუნიკაცია ჰქონდათ „ტელეგრამისა“ და „ტიკ-ტოკის“ არხების მეშვეობით.
როგორც ერთ-ერთი დაკავებულის მამამ „სანდო წყაროს“ განუცხადა, ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა სასტარტო პისტოლეტი, ტყვიები, წიწაკის სპრეი, ხელთათმანები, ჩაფხუტი და დანა ამოიღეს. მისივე თქმით, მოზარდები ერთმანეთში 2011 წელს ოსლოში მომხდარ ტერორისტულ აქტზე საუბრობდნენ და ასევე განიხილავდნენ რეალურ მოვლენებზე გადაღებულ მხატვრულ ფილმებს, რომლებშიც ძალადობრივი ქმედებები იყო ასახული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორივე პირი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მომზადების ბრალდებით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-225-ე მუხლით მიმდინარეობს.




